გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები, ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ხელისუფლებისგან კონკრეტული ქმედებების იმედი აქვთ და მარტო ვერაფერს გახდებიან.

"მაგათ პერიმეტრს ვინ გაიგებს, ჩვენმა მთვარობამ არ იცის და ჩვენ რა ვიცით. ის კი ვიცით, რომ აქეთა ბანერი არის ძველი ბანერები და მაგის ქვემოთ მოდიან. იმ დღეს ველაპარაკებოდი და ასე თქვეს კეთილ საქმეს ვაკეთებთო, კიდევ ქვევით გადაწევის უფლება გვაქვს და 35 მეტრს გიტოვებთო", — ამბობს ადგილობრივი.

15 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი განაახლა. საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში რუსი სამხედროები ძელებს არჭობდნენ. ეს ოჯახები სწორედ ამ მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ. შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდეს სოფლის მთავარი სარწყავი არხიც. შედეგად, ადგილობრივები წყლის გარეშე დარჩებიან. გორის საკრებულოს წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ საკითხზე რუს სამხედროებს ესაუბრა, რომლებმაც უთხრეს, რომ წყლის რეზერვუარს საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე არ მოაქცევდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ ორჯერ გაააქტიურეს ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამავე სოფელში მავთულხლართების გაბმა დაიწყეს 7 აგვისტოსაც, მოგვიანებით კი სამუშაოები შეწყდა, ოთხი დღის შემდეგ კი ისევ განახლდა.

ამავე თემაზე: