ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში. ამის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

საელჩოს განცხადებით, ბორდერიზაციის პროცესი საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, აზიანებს სასიცოცხლო საშუალებებს და აფერხებს ხალხისა და საქონლის გადაადგილებას.

ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიმოსვლა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების ვალდებულებისამებრ.

დღეს, 15 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში რუსი სამხედროები ძელებს არჭობდნენ. ეს ოჯახები სწორედ ამ მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ ორჯერ გაააქტიურეს ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამავე სოფელში მავთულხლართების გაბმა დაიწყეს 7 აგვისტოსაც, მოგვიანებით კი სამუშაოები შეწყდა, ოთხი დღის შემდეგ კი ისევ განახლდა.

ამავე თემაზე: