საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ გუგუტიანთკარში ოკუპანტების მიერ უკანონო ბორდერიზაციის პროცესის განახლება სააკაშვილის ხელისუფლების ბრალია.

ის ამბობს, რომ 2006 წლიდან საერთაშორისო პარტნიორები მიუთითებდნენ, თუ როგორ უნდა ემოქმედა საქართველოს, რათა ოკუპაცია არ ყოფილიყო დაშვებული.

"გუგუტიანთკარი და ნებისმიერი სხვა ადგილი, სადაც ოკუპანტი ახორციელებს თავის გეგმას, არის ჩვენი სავალალო შედეგი იმ ვითარების, რომელიც შექმნეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. დღეს თვალწინ გვიდგას ის, რაც მემკვიდრეობით დატოვა სააკაშვილის მავნებლურმა პოლიტიკამ. რაც შეეხება მავთულხლართს, დამერწმუნეთ, გაცილებით უფრო სუსტია ის კონსტრუქცია, რომლითაც ეს მავთულხლართი კეთდება, ვიდრე ბერლინის კედელი, რომელიც დაიშალა და რომლის ნატეხებიც დღეს ევროპის მოედანზე დგას", — განაცხადა გია ვოლსკიმ.

სოფელ გუგუტიანთკართან რუსმა სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს, საოკუპაციო ხაზს მიღმა შესაძლოა, კიდევ ორი სახლი აღმოჩნდეს.