გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც რუსმა სამხედროებმა ნაკვეთების შემოღობვა განაახლეს, საკრებულოს წევრი, მერაბ მახარაშვილი ჩავიდა და ოკუპანტებს სოფლის სარწყავი რეზერვუარის დატოვება სთხოვა.

"წყლის რეზერვუარები ჰყვება იქითა-მეთქი და თუ შეგვიძლია, არ შემოვღობოთ-მეთქი, რომ ხალხმა ისარგებლოს, კი ბატონოო... მე ვარ ხალხის არჩეული და რაც ხალხსა სჭირდება იმასა ვაკეთებ, — ამბობს მერაბ მახარაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს მელიორაციის სამსახურის წარმომადგენელი, გაბრიელ მაზმიშვილი, რომელიც, ასევე, ადგილზეა ამბობს, რომ ოკუპანტებს არხთან შეხება ჯერ არ აქვთ. მისი თქმით, 2015-2016 წლებში გაკეთდა ეს არხი, საიდანაც სატუმბი სადგურით სოფელ გუგუტიანთკარს მიეწოდება წყალი.

გორის მუნიცილაპიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საქართველოს მოქალაქეების რაზმაძეების და გუგუტიშვილების ნაკვეთებში, სადაც მათ ყანა აქვთ დათესილი, ძელებს არჭობენ. ადგილზე არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ დღეს დილიდან ორჯერ იქნა ცხელი ხაზი გააქტიურებული, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.