ტელეიმედის იურისტი, ანდრო ლაშხი ამბობს, რომ ტელეკომპანია იმედმა გადასახადების გადახდა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მისმა კონკურენტმა, რუსთავი 2-მა დავალიანების დაგროვება დაიწყო. ამის შესახებ ლაშხმა On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, შეზღუდული სარეკლამო ბაზრის პირობებში, კონკურენტის მიერ დავალიანების არ დაფარვა, მას უპირატესობას ანიჭებს და პროგრამების გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს.

"იძულებული ხდები, ან უნდა ძალიან სერიოზულ ქვესკნელში ჩაეშვა და დაკარგო კონკურენტული უპირატესობა, ან უნდა მოითხოვო, რომ შენც თანასწორ მდგომარეობაში ჩადგე. უბრალოდ, იძულებული ხდები შენც შეწყვიტო გადახდა", — აღნიშნა ლაშხმა.

გუშინ, 14 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა თქვა, რომ რუსთავი 2-ს (28), იმედსა (19) და მაესტროს (8) ბიუჯეტის მიმართ რამდენიმემილიონიანი დავალიანება აქვთ. მან აღნიშნა, რომ მზადაა სახელმწიფო "შევიდეს მათ მდგომარეობაში" და ვალის რესტრუქტურიზაციაზე ისაუბრა.