ბოლნისის რაიონის სოფელ ფოლადაურის მცხოვრებლები ადგილობრივ სასულიერო პირს, მამა მიქაელს ძროხების დაჭრაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

კურიერში გასული სიუჟეტის მიხედვით, 7 აგვისტოს ძროხების დაჭრას წინ სოფლის მოსახლეობასა და ადგილობრივ სასულიერო პირს შორის დაპირისპირება უძღოდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მღვდელი მოსახლეობას ტყეში საქონლის გაშვების უფლებას არ აძლევდა.

"საქონელი ეკლესიის ტერიტორიაზე გადავიდა, ეგ ტერიტორია ჩვეულებრივად შუა ტყეა, არანაირი ღობე არ არსებობს. ჩემი ვაჟიც აქ იყო, ამ დროს 6-ჯერ სროლის ხმა გაუგია. საღამოს საქონელი რომ მობრუნდა, დათვალეს და ნახეს, რომ ერთი ძროხა არ არის, ძებნისას ეკლესიის ტერიტორიაზე იპოვეს. დილას საქონელს რომ ვწველიდით, მაშინ ვნახეთ, რომ ერთის გარდა ხუთი ძროხაც იყო დაჭრილი. მღვდელმა ძროხებს თოფი ესროლა და გაიქცა. პოლიცია მივიდა, ფოტოები გადაიღო, მე დამკითხეს, მამაო — არა. პოლიცია მოდის და გვეუბნება, მიდი, შერიგდითო", — ყვება ფერმერი, ჯაჰანგირ ბუდაევი.

ის ამბობს, რომ მოსახლეობა რამდენიმე დღეა სასულიერო პირს ეძებს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მამა მიქაელმა სოფელი დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველების წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ სასულიერო პირი უკვე გამოიკითხა.