რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, მზად არის ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები დაიწყოს. ფინანასთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელევიზიებს დაგროვილი ვალის გადახდაზე შეთანხმება დღეს შესთავაზა.

"ცხადია, რომ სწრაფად ამ ვალების გასტუმრება ვერ მოხერხდება და ძალიან მძიმედ ტვირთად დააწვება კომპანიებს. ეს ალბათ დღეს ყველას ესმის. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და გამოვნახოთ ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც კომპანიას ხელს შეუწყობს რომ ფუნქციონირება გააგრძელოს და არ იყოს რაიმე შეფერხებები ამასთან დაკავშირებით," — თქვა რუსთავი 2-თან საუბრისას პაატა სალიამ.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, 14 აგვისტოს თქვა, რომ სამინისტრო მზადაა, უახლოეს ვადებში, 1-2 კვირაში იმ ტელევიზიებთან, რომლებსაც დაგროვილი აქვთ გადასახადები, ვალის რესტრუქტურიზაციის მოდელზე შეთანხმდნენ. მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების საგანია ისიც, რომ ვალების ნაწილის ჩამოწერაც შეიძლება მოხდეს.