"იმედი მაქვს, რომ თქვენ უმოკლეს ვადაში შეძლებთ, განაახლოთ სრულფასოვანი მაუწყებლობა", — ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ TV პირველის ჟურნალისტს. ტელეკომპანია სრულფასოვან მაუწყებლობას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

ბახტაძის თქმით, კიბერდანაშაული, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა გახდა ნებისმიერი ქვეყნისთვის.

"როდესაც მსგავს დანაშაულებს აქვს ადგილი, აუცილებელია დეტალური გამოძიება, რათა მივიღოთ სრულფასოვანი სურათი... ზოგადად, როდესაც კიბერდანაშაულთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ საუკეთესო ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც ძირითად აქცენტს აკეთებენ პრევენციაზე. ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, როგორც სახელმწიფოს", — თქვა პრემიერმა.

ბახტაძე ოპონენტების ნაწილის შეფასებას, რომ რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და TV პირველზე შესაძლო კიბერშეტევა არის მედიაზე ზეწოლა, სპეკულაციად და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად აფასებს.

"ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება, ეს არის ერთმნიშვნელოვანი", — აღნიშნა ბახტაძემ.

ტელეკომპანია TV პირველის განცხადებით, 13 აგვისტოს არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც ტელევიზიის სრული პარალიზება გამოიწვია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ მთავარ სერვერზე კიბერთავდასხმა განხორციელდა ე.წ. კრიპტოვირუსის გამოყენებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკითხს ამ დრომდე სწავლობენ.