ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ სატელევიზიო არხების მონიტორინგის შედეგების თანახმად, 30 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით მაესტროს, კავკასიას, ტვ პირველსა და ტაბულას ახალი ამბების გაშუქებისას ბალანსის პრობლემა აქვთ.

ამასთან, მაესტროს ეთერში, საინფორმაციო გამოშვებაში ყველაზე მეტი დრო ბიძინა ივანიშვილს დაეთმო. კვლევის შედეგების მიხედვით, არხმა ყველაზე დადებითად მთავრობა და პრემიერმინისტრი წარმოაჩინა (დათმობილი დროის 8-8 პროცენტი), ყველაზე უარყოფითად კი (67 პროცენტით) მიხეილ სააკაშვილი:

"ყველაზე მეტი ნეიტრალური ტონი, დათმობილი დროის 100 პროცენტი პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა. პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი დადებითი გაშუქება მაესტროზე ქართულ ოცნებას ჰქონდა".

მაესტროს მიერ პოლიტიკური სუბიექტების გაშუქება ტონის მიხედვით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, 30 აგვისტო-25 სექტემბერი, 2016.

ფოტო: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

რაც შეეხება ტაბულას, მონიტორინგის განმავლობაში არხის ეთერში ყველაზე მეტი დრო ენმ-ს დაეთმო, ამასთან არხს დადებით ტონში არც ერთი სუბიექტი არ გაუშუქებია:

"უარყოფითი გაშუქების მხრივ, ლიდერი ტაბულაზე ქართული ოცნება იყო, დათმობილი დროის 40 პროცენტით. ნეიტრალურ ტონში ყველაზე მეტად 100-100 პროცენტით პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი გაშუქდნენ".

ტაბულას მიერ პოლიტიკური სუბიექტების გაშუქება ტონის მიხედვით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, 30 აგვისტო-25 სექტემბერი, 2016.

ტელეკომპანია კავკასიის ეთერში კი ყველაზე მეტი დრო მთავრობას დაეთმო. კვლევის თანახმად, ყველაზე დადებითად მთავრობა გაშუქდა (დათმობილი დროის 7 პროცენტი), ყველაზე მეტი უარყოფითი ტონი ადგილობრივ ხელისუფლებას (80 პროცენტი) და მიხეილ სააკაშვილს (100 პროცენტი) დაუფიქსირდა:

"ნეიტრალური გაშუქებით კავკასიაზე პრემიერმინისტრი ლიდერობს, დათმობილი დროის 99 პროცენტით. კავკასიის საინფორმაციო გამოშვებები სიუჟეტების სიმწირით გამოირჩევა, ამბების გაშუქება ძირითადად კადრსინქრონებით ხდება. კვლავ პრობლემად რჩება რესპონდენტებზე ტიტრების არმიწერა, ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია რესპონდენტების ვინაობის დადგენა".

კავკასიის მიერ პოლიტიკური სუბიექტების გაშუქება ტონის მიხედვით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, 30 აგვისტო-25 სექტემბერი, 2016.

ფოტო: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ტელეკომპანია პირველი კი ყველაზე დიდი ქრონომეტრაჟით მთავრობას აშუქებდა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი დადებითი ტონი (მისთვის დათმობილი დროის 3 პროცენტი) ადგილობრივ ხელისუფლებას ერგო:

"ყველაზე უარყოფითადაც ადგილობრივი ხელისუფლება გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 62 პროცენტით, ნეიტრალური ტონით (97 პროცენტით) პრეზიდენტი ლიდერობს. სამონიტორინგო პერიოდში ტვ პირველი ამბებს ძირითადად კადრსინქრონების ფორმატში აშუქებდა, ნაკლებად ჰქონდათ სიღრმისეული სიუჟეტები. ამბების გაშუქება უმეტესად, ზედაპირულია".

ტვ პირველის მიერ პოლიტიკური სუბიექტების გაშუქება ტონის მიხედვით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, 30 აგვისტო-25 სექტემბერი, 2016.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თქმით, ობიექტივზე ყველაზე მეტი დრო ბლოკს - პატრიოტთა ალიანსი დაეთმო:

"შეგახსენებთ, რომ ამ ბლოკის ერთ ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი მედია კავშირ ობიექტივის ერთ ერთი დამაარსებელია. დადებითი გაშუქების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (13 პროცენტი) ისევ პატრიოტთა ალიანსს აქვს. უარყოფითი ტონით (100 პროცენტი) მიხელ სააკაშვილი ლიდერობს. ყველაზე მეტი ნეიტრალური გაშუქება დათმობილი დროის (100-100 პროცენტი) პრეზიდენტს და პრემიერს ჰქონდა".

ობიექტივის მიერ პოლიტიკური სუბიექტების გაშუქება ტონის მიხედვით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, 30 აგვისტო-25 სექტემბერი, 2016.

ფოტო: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

მონიტორინგი ხორციელდებოდა შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, GDS, ტაბულა, კავკასია, ტვ პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25.