აშშ-ს მთავრობას 1973 წელს მიღებულ გადაშენების პირას მყოფ სახეობათა დადგენილებაში რადიკალური ცვლილებები შეაქვს. ამ შესწორებების შემდეგ გადაშენების პირას მყოფ სახეობებს მეტი საფრთხე დაემუქრებათ, ფედერალურ ორგანოებს კი იმის გადაწყვეტისას, უნდა დაიცვან თუ არა ესა თუ ის სახეობა, ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინების უფლებაც ექნებათ.

თევზჭერისა და ველური ბუნების სამსახურმა ცვლილებები 12 აგვისტოს ოფიციალურად დაამტკიცა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ამ ცვლილებებით ცხოველების დაცვის პროცესში არსებული რეგულაციები შეამცირდება, გამჭვირვალობა კი გაიზრდება.

კრიტიკოსების თქმით, ეს ცვლილებები გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა დადგენილებას, იმ დროში, როდესაც ცხოველებს ადამიანებისგან უამრავი საფრთხე ემუქრებათ, ნაკლებად ეფექტურს გახდის.

"ეს ცვლილებები უფრო დიდ უპირატესობას ინდუსტრიას ანიჭებს და ბოლო 40 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროგრესს ეჭვქვეშ აყენებს", — აცხადებს ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრის დირექტორი ბრეტ ჰარტლი.

მასაჩუსეტსისა და კალიფორნიის მთავარმა პროკურორებმა უკვე განაცხადეს, რომ ისინი ტრამპს სასამართლოში უჩივლებენ.

მთავარი ცვლილება

ამ დრომდე ნებისმიერი სახეობა, რომელიც თევზჭერისა და ველური ბუნების სამსახურისგან საფრთხეში მყოფის სტატუსს მიიღებდა, ავტომატურად ექცეოდა გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა დადგენილების დამცველობის ქვეშაც, რაც საფრთხეში მყოფი ცხოველების მოკვლის აკრძალვასაც მოიცავდა.

შეტანილი ცვლილებების შემდეგ თითოეულ სახეობასთან მიმართებაში გატარებული დამცველობითი ღონისძიებების მასშტაბი ინდივიდუალურად გადაწყდება. ეს ნიშნავს, რომ ცხოველები, რომლებსაც საფრთხეში მყოფის სტატუსი აქვთ, საბოლოო ჯამში ნაკლებად დაცულები იქნებიან.

გარდა ამისა, შემცირდება სახეობების დაცვის მასშტაბებიც. ამ დრომდე მთავრობის წარმომადგენლები იმ საფრთხეებსაც (მაგალითად, გლობალური დათბობა) ითვალისწინებდნენ, რომლებიც სახეობებს, შესაძლოა, პროგნოზირებად მომავალში დაემუქროს.

კანონში შეტანილი ცვლილებებით მთავრობის წარმომადგენლებს აქვს თავისუფლება, რომ თავად გადაწყვიტონ თუ რას ნიშნავს "პროგნოზირებადი მომავალი." კრიტიკოსების თქმით, ეს მათ გრძელვადიან საფრთხეებზე თვალის დახუჭვის საშუალებას მისცემს.

მესამე ცვლილება ისაა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ დადგენილებიდან ამოიღო წინადადება, რომელიც სახეობების დაცვაზე მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებას კრძალავდა.

შეტანილი ცვლილებები ძალაში გამოქვეყნებიდან 30 დღეში შევა.