კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უშგულის თემში აქციის მონაწილეების პროტესტს სარეაბილიტაციო ძეგლების უყურადღებობასთან დაკავშირებით არ ეთანხმება და უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

ფოტო: Mariam Bakacho Khatchvani / Facebook

სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების უკმაყოფილება ალოგიკურ ფორმას იღებს და ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება.

"მიუხედავად იმისა, რომ სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის გეგმის ფარგლებში სააგენტომ განვლილ წლებში მესტიის რამდენიმე ათეულ სოფელში 80-მდე სვანური კოშკი, ტრადიციული საცხოვრისი და საკულტო ნაგებობა აღადგინა, მიმდინარე წლიდან სარეაბილიტაციო პროცესი გაცილებით ფართო მასშტაბს მიიღებს და წლის ბოლომდე ის სათემო სოფლების 10 საგვარეულო მაჩუბის, 8 კოშკის, 2 არქიტექტურული კომპლექსის და იფარის მთავარანგელოზის ეკლესიის რესტავრაციას მოიცავს", — ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წელსვე დაიწყება მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსების გზით განსახორციელებელი კომპლექსური პროგრამა, რაც უშგულის 2 უბნის — ჟვიბიანის და ჩვიბიანის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციას ითვალისწინებს. რესტავრაცია მოიცავს სოფლების კოშკებს, მაჩუბებსა და საცხოვრებელ სახლებს.

"გაგრძელდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის — სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციის პროგრამაც. ამავდროულად გაგრძელდება სოფელ ჩვიბიანში 2018 წელს ჩარკვიანების შამოშლილი საგვარეულო კოშკის აღდგენის პროცესი, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. 2019 წელს გათვალისწინებული ფიზიკური სამუშაოები კოშკის 2 სართულის რესტავრაციას გულისხმობს. სარესტავრაციო მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, მისი დარჩენილი არქიტექტურული წყობა 2020 წელს აღდგება. ანალოგიურად, სააგენტო უზრუნველყოფს სოფელ მურყმელში 2 კვირის წინ ჩამოშლილი კოშკის გაწმენდა-რეაბილიტაციის სამუშაოებსაც", — ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოში აცხადებენ, რომ არსებული მონაცემებით, სვანეთში იდენტიფიცირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან გადაუდებელ რეაბილიტაციას 150-მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს. XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც სვანურმა კოშკებმა თავისი თავდაცვითი ფუნქცია დაკარგეს, დაიწყო მათი ნელ-ნელა ნგრევა და რაოდენობრივი კლება. გასაბჭოების შემდეგ ტრადიციული ცხოვრების წესის შეცვლამ, კოშკები და საცხოვრებელი სახლი-მაჩუბის ფუნქციები მნიშვნელოვნად დააკნინა და მათი იერსახეც მნიშვნელოვნად შეცვალა. "ზემო სვანეთში რამდენიმე ასეული კოშკი აღირიცხება, რომელთა უმეტესობა აღდგენილია და დანგრევა არ ემუქრება", — აცხადებენ სააგენტოში.

ადგილობრივების ნაწილმა სვანეთში, უშგულში შესასვლელი გადაკეტ. ისინი დაზიანებული კოშკების აღდგენას ითხოვენ.