"ოცნების ხელისუფლება მისი წინამორბედის გზას დაადგა", — ასე შეაფასეს რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება ტელევიზიის გაყიდვასთან დაკავშირებით.

მათი თქმით, ხალვაში ცდილობს გადაყიდვების გზით კვალის არევასა და მათთვის სამართლებლივი ბრძოლის გართულებას.

"დაპირებული სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, მან მიზნად დაისახა რუსთავი 2-ის“ ივანიშვილთან დაახლოებულ, მისთვის უფრო საიმედო მფლობელისთვის გადაცემა. ეს უკვე ნაცნობი სცენარია, დღევანდელი ხელისუფლება ამ ტაქტიკაში ორიგინალური არ არის", — ნათქვამია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის საერთო განცხადებაში.

ისინი კონკურსში მონაწილე პოტენციურ მსურველებს აფრთხილებენ, რომ კეთილსინდისიერი შემძენები ვერ გახდებიან.

"ეს ტელევიზია უკანონოდ წაართვეს მის დამფუძნებლებს, რომლებიც მის დასაბრუნებლად იბრძვიან. ეს დადასტურებულია მთავარი პროკურატურის მიერ, სადაც 2012 წლიდან ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და რომელმაც 2015 წელს დაზარალებულად გვცნო. გამოძიება კვლავ გრძელდება.

როგორც ვერ უშველა გადაყიდვების გზით სამართლებლივი კვალის აბნევის მცდელობამ წინა ხელისუფლებას, ასევე განწირულია ივანიშვილის სურვილი, კანონიერების ელფერი შესძინოს რუსთავი 2-ის ჯიბეში ჩადებას და გაართულოს ჩვენი სამართლიანი ბრძოლა", — აცხადებენ ისინი.

მათი თქმით, ქვეყნისთვის ტრაგიკულია, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაითავისა ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისა და საზოგადოების არსებობისთვის.

დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ რუსთავი 2-ისთვის ბრძოლა გრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ტელეარხი დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს, რათა "ერთხელ და სამუდამოდ შეასრულოს დამოუკიდებელი, კრიტიკული და მიუკერძოებელი მედიასაშუალების ფუნქცია".

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა, რომ არხი გაყიდოს. არხის მფლობელი აღნიშნავს, რომ მხოლოდ იმ პირებთან ისაუბრებს, ვისაც საბანკო გარანტია ექნება ან საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ მილიონ დოლარს განათავსებს. არხი გახდება მისი, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის.

ქიბარ ხალვაშის მტკიცებით, ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობის იმისათვის, რომ დაიწყოს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. მისი განმარტებით, არხის დავალიანება 70 მილიონ ლარს უახლოვდება, საიდანაც 27 მილიონამდე საბიუჯეტო გადასახადია.