"ერთ კვირაში შეიძლება კომპანია გაიყიდოს, თუ წინასწარ მყიდველი არ იცი? რაზე ვლაპარაკობთ?!" — ასე გამოეხმაურა რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამჟამინდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის განაცხადს კომპანიის გაყიდვაზე.

ნიკა გვარამიას თქმით, კომპანიის დავალიანებებზე ქიბარ ხალვაშმა ტყუილი თქვა. გვარამიას თქმით, მას 30 მილიონამდე ვალი დახვდა ტელევიზიაში:

"70 მილიონიდან დაახლოებით 30 მილიონი დამხვდა მე. ეს არის ე.წ. დაკიდებული ვალები. მათი უმრავლესობა არის მკვდარი სესხები ან "ჩასხმები" პარტნიორთა, ვალებად გაფორმებული. ეს დამხვდა მე, არც მიმიქცევია ყურადღება, მეტი საქმე არ მქონდა, მომაკვდავ კომპანიაში, დაკიდებულ ვალებს ვუყურებდე... ამ დაკიდებული ვალების ზემოთ არის 25 მილიონი საგადასახადო დავალიანება, დიახ ყადაღით მიყენებული ზიანია ესეც მათ შორის".

ნიკა გვარამია პაატა სალიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილი მენეჯმენტი სამაუწყებლო კომპანიის კუთვნილი არქივის გაყიდვაში დაადანაშაულა:

"არქივის გაყიდვას რაც შეეხება, არქივი არ გაყიდულა ერთხელ, გაყიდულა რამდენიმეჯერ და ამაში ჩვენ ვიღებდით ფულს... ისწავლე, რას ნიშნავს კომერციული საქმიანობა და სად იმყოფები, არ ხარ შენ იურიდიული ბიუროს უფროსი, ხარ ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ტელევიზიის დირექტორი".

ნიკა გვარამიას განცხადებით, მის მიმართ წაყენებული ბრალდება კომპანიის ფულის მოპარვაზე "არ ჩაივლის ძალიან მძიმე პასუხების გარეშე".

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა, რომ არხი გაყიდოს. მის განცხადებას რუსთავი 2 ავრცელებს.

არხის მფლობელი აღნიშნავს, რომ მხოლოდ იმ პირებთან ისაუბრებს, ვისაც საბანკო გარანტია ექნება ან საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ მილიონ დოლარს განათავსებს. არხი გახდება მისი, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის.

ქიბარ ხალვაშის მტკიცებით, ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობის იმისათვის, რომ დაიწყოს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. მისი განმარტებით, არხის დავალიანება 70 მილიონ ლარს უახლოვდება, საიდანაც 27 მილიონამდე საბიუჯეტო გადასახადია.