მორიგი შეტაკება ჰონგ-კონგში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის. პოლიციამ მატარებლის სადგურზე იერიში მიიტანა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ ტაი კოოს სადგურზე ოფიცრები ისვრიან არალეტალურ ტყვიას საკმაოდ ახლო მანძილიდან. ასევე ჩანს, როგორც სცემენ პოლიციელები ხელკეტით ესკალატორზე მოქალაქეებს.

დემონსტრანტებმა შეტაკებისას პოლიციელებს "მოლოტოვის კოქტეილები" და აგურები დაუშინეს, რასაც პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებით უპასუხა. ათეული ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი, შეტაკებების დროს დაშავდა.

ფოტო: Zero Leung / Twitter

ფოტო: Zero Leung / Twitter

BBC-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ პროტესტის მონაწილეებმა ახალი ტაქტიკა დაისახეს, რაც რამდენიმე ადგილზე პატარა ჯგუფებად განლაგებას გულისხმობს.

ფოტო: IndoPacific_SCS_Info / Twitter

ფოტო: IndoPacific_SCS_Info / Twitter

უკვე ორ თვეზე მეტია, სადავო საექსტრადაციო კანონის გამო დაწყებული დემონსტაციები აღარ წყდება. ახალი კანონის თანახმად, დაკავებულ პირს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანს, რასაც ჰონგ კონგელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება.

ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი 1997 წელს ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს.

მაშინდელი ლიდერები საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში ტაივანი, შეინარჩუნებდა პრინციპს — ერთი ქვეყანა, ორი სისტემა.