ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, მხარდამჭერებს მოუწოდებს მის ნაცვლად ანგარიშზე თანხა არ შეიტანონ. ამ შინაარსის პოსტი მან Facebook-ზე დაწერა.

"ძალიან ვაფასებ თქვენს თანადგომას და დახმარების სურვილს. ძალიან ფასეულია ჩემთვის ის სიტყვები, რასაც ვიღებ, რომ გარეთ ვარ საჭირო და ეს მნიშვნელოვანია საქვეყნო საქმისთვის. ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ღრმად პერსონალურია და ვერ დავუშვებ კომპრომისს, რამეთუ მორალურად დამანგრევს და ვეღარანაირ საქმეს მერე ვერ გავაკეთებ, ვერც საქვეყნოს და ვერც სხვას", — განმარტავს გვარამია.

მისი თქმით, თუ მისთვის კარგი საქმის გაკეთება სურთ, არ იფიქრონ თანხის გადახდა:

"დაბეჯითებით გთხოვთ, თუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა. ნებისმიერი თანხის შემტანი ძალიან დამაზარალებს რეპუტაციულად, რადგან მისცემს შესაძლებლობას ქოცებს, სასპეკულაციოდ გახადონ, რომ ეს ჩემთან შეთანხმებით მოხდა და ამგვარად, ირიბი და შემოვლითი გზებით გავაკეთე ის, რაც საჯაროდ დავგმე".

10 აგვისტოს რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის საჩივრის საფუძველზე სასამართლოში ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაეთვალისწინებინა ბრალდების მხარის პოზიცია და გვარამიას 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე საზღვრის კვეთა აუკრძალა.

ნიკა გვარამიამ ბრალის წაყენების დროსაც და სასამართლო სხდომაზეც განაცხადა, რომ ის არ დაემორჩილებოდა აღკვეთის ღონისძიების არც ერთ სახეს და მისი დაპატიმრება მოუწევდათ.

აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობას წინ უსწრებდა, 9 აგვისტოს ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენება. მას არხის დირექტორად მუშაობის დროს საზიანო გადაწყვეტილების მიღებას ედავებიან.

გვარამიას წინააღმდეგ საჩივარი პროკურატურაში 16 ივლისს რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ შეიტანა. ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ისვე აცხადებდა, რომ გვარამიას გადაწყვეტილებებმა არხს ფინანსური ზიანი მიაყენა. სწორედ ამ საქმეზე აპირებს პროკურატურა ტელევიზიის ყოფილი დირექტორისთვის ბრალის წაყენებას.