იურისტი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს ნიკა მელიას იმუნიტეტი ტყუილების საფუძველზე მოუხსნეს. ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა ფეისბუქზე დაწერა.

ის ამბობს, პროკურატურის მიერ პარლამენტისთვის მიწერილი წერილში დოკუმენტის სამართლებრივი დასაბუთების საკითხი პრობლემურია; მისივე თქმით, მოყვანილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც არ შეესაბამება ნიკა მელიას საქმეს, ერთ-ერთი მათგანი კი საერთოდ არ არსებობს.

"თავი რომ დავანებოთ დოკუმენტის სამართლებრივი დასაბუთების ხარისხს (რომელიც პრობლემურია), გეტყვით მხოლოდ რამდენიმე ფაქტს:

  • დოკუმენტი მხოლოდ 4 გვერდისგან შედგება;
  • იმის დასასაბუთებლად, რომ აუცილებელია მელიასთვის პატიმრობის შეფარდება, მოყვანილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. მითითებული საქმეებიდან ერთი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს! (საქმეში მითითებულია კონრადი იტალიის წინააღმდეგ, ბევრი ძებნის შემდეგ, მივაგენი საქმეს, რომელსაც სინამდვილეში გულისხმობენ და რომლის სახელიც ასე ჟღერს: კონტრადა იტალიის წინააღმდეგ);
  • მითითებული ერთ-ერთი საქმე (ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ) საერთოდ არ ეხება დოკუმენტში განსახილველ სამართლებრივ საკითხს — პატიმრობის შეფარდების სტანდარტებს (ეხება ციხეში სამედიცინო სერვისების არარსებობის გამო არაადამიანურ მოპყრობას);
  • დანარჩენ მითითებულ საქმეებში ფაქტობრივი გარემოებები იმდენად განსხვავდება მელიას საქმისგან, რომ მათი მითითება დოკუმენტში არარელევანტურია, — წერს ანა ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილს ამ დოკუმენტის შესწავლის შემდეგ კითხვის ნიშნები სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც უჩნდება მათ შორისაა თიბისი ბანკის საქმე, ტვ პირველი მფლობელის ვატო წერეთლის დაკითხვა...

"დოკუმენტში, რომელიც პარლამენტის 150 დეპუტატს უნდა წაეკითხა და მიეღო პრეცედენტული გადაწყვეტილება, ასეთი ლაფსუსებია დაშვებული, ჯერ კომიტეტმა განიხილა, მერე პლენარულ სხდომაზე — დეპუტატებს როგორ არ გრცხვენიათ, რომ ამაზე დაყრდნობით მიიღეთ გადაწყვეტილება? სტაჟიორი მაინც არ გყავდათ, რომ დაგევალებინათ თვალის გადავლება? კანონებსაც ასე იღებთ?", — წერს ანა ნაცვლიშვილი.

საქართველოს პარლამენტმა პროკურატურას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას დაკავების უფლება მისცა. 91 — მომხრე და 0 — წინააღმდეგი — ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები, რომელსაც, ნიკა მელიას თხოვნით, ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები არ ესწრებოდნენ. დეპუტატის იმუნიტეტის შესაჩერებლად პარლამენტს პროკურატურამ მიმართა, რომელსაც მელიას დაკავება 20 ივნისის აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით სურს.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე არც დაცვის და არც ბრალდების მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში დატოვა. ამავე განჩინებით, მელიას შეზღუდვის ახალი სახე ელექტრონული მონიტორინგი დაემატა. ამ მიზნით, მელიას ელექტრონულ სამაჯურს, როგორც წესი, ფეხზე დაუმაგრებენ.

საქალაქო სასამართლოს განჩინება

27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ მას სხვა შეზღუდვების დაუწესა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.