აშშ-ში რუსეთის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა 2008 წლის 8 აგვისტოს, ქართული აგრესიის წლისთავზე კიდევ ერთხელ "გამოიჩინა მკრეხელობა სისხლიანი მოვლენების მსხვერპლთა მიმართ". რუსეთმა ამ განცხადებაში თავისი მრავალწლიანი ნარატივი გააგრძელა და თქვა, რომ აშშ-ს არ სურს აღიაროს, რომ "ოსეთში მძინარე მოსახლეობას თავს ქართველები დაესხნენ"

"არ ჩქარობენ, მოუწოდონ აღსაზრდელებს თბილისში, გამოავლინონ პოლიტიკური ნება და აღიარონ პასუხისმგებლობა რუს სამშვიდობოებსა და სამხრეთ ოსეთში მძინარე მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმისთვის. ამის ნაცვლად, აშშ-ს საგარეო უწყება აგრძელებს რუსეთის დადანაშაულებას თავისი ტრადიციულ პოლიტიზირებული და რუსოფობიური გზით.

ჩვენ გვინდა შევახსენოთ, რომ სწორედ ჩვენი მხარე მივიდა ცხინვალის დასახმარებლად და რეალურად, გენოციდის აქტი აღკვეთა. მზად ვართ ამერიკულ მხარეს იმდროინდელი მოვლენების ქრონოლოგია გადავცეთ. თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, აშშ-ს არ გამოაქვს გაკვეთილები ისტორიიდან და თვალს ხუჭავს ქართველი პროტეჟეების დანაშაულზე. სწორედ ასეთი რწმენა დაუსჯელობაში შობს ასეთ ტრაგიკულ მოვლენებს.

ვიმედოვნებთ, რომ უარს იტყვიან ამ პრაქტიკაზე და თავის მაგალითზე აჩვენებენ "მეგობრებს" ჭეშმარიტ დემოკრატიული მიდგომებს", — ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების "ე.წ. დამოუკიდებლობა" და მიესალმება იმ დღეს, როდესაც ქართველ ხალხთან ერთად ოკუპაციის დასასრულს აღნიშნავს.