ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ არ დაემორჩილება მის მიმართ გამოყენებულ არც ერთ აღკვეთის ღონისძიებას. ამის შესახებ მან პროკურატურაში მისვლის დროს განაცხადა.

"პროკურატურას ვეუბნები, თქვენ გაქვთ ორი არჩევანი, ხვალ, როდესაც შეხვალთ სასამართლოში, ან ჩემი პატიმრობა, ან ჩემი თავისუფლება. მე არ მოგცემთ შესაძლებლობას არც ერთ მესამე ვარიანტზე. არავითარი კომპრომისი კორუფციის [ბრალდების] შემთხვევაში არ იქნება დაშვებული. არ გადავიხდი არანაირ გირაოს: მაღალს უბრალოდ "ვერ", დაბალს "არ" — იმიტომ, რომ მე ვარ უდანაშაულო და არ გავაკეთებ კომპრომისს არავითარ შემთხვევაში. აღკვეთის ღონისძიებაზე, გიცხადებთ წინასწარ, დავარღვევ ყველაფერს — ამას ვეტყვი სასამართლოსაც. ვერ ეჟვანს შემაბამთ, ვერ სახლში ვერ დამაბამთ, ვერც გირაოს გადამახდევინებთ", — თქვა გვარამიამ.

მისი თქმით, ის ან უნდა დააპატიმრონ, ან არ გადაიხდის გირაოს და არც შინაპატიმრობას არ დაემორჩილება.

ნიკა გვარამიას საქმე

დღეს, 9 აგვისტოს პოროკურატურამ განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და ის ბრალის წარსადგენად დაიბარა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით მიმდინარებს, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება ინტერ მედია პლიუსთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ამ კომპანიას რეკლამა უნდა განეთავსებინა. უწყების განმარტებით, გვარამია მოქმედებდა რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, როცა მისი მეგობრების კუთვნილ კომპანიას ინტერ მედია პლიუს გამორჩენის მისაღებად გაუფორმა ხელშეკრულება, შემდეგ კი განსაზღვრულ პერიოდში, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურება 6 763 510 ლარი განზრახ არ მოითხოვა. მათი თქმით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში რუსთავი 2-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში ინტერ მედია პლიუსის დეკლარირებულმა მოგებამ კი 8 690 664 ლარი.

220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

16 ივლისს რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ პროკურატურაში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ისვე აცხადებდა, რომ გვარამიას გადაწყვეტილებებმა არხს ფინანსური ზიანი მიაყენა. სწორედ ამ საქმეზე აპირებს პროკურატურა ტელევიზიის ყოფილი დირექტორისთვის ბრალის წაყენებას.