არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენა შესაძლოა პოლიტიკურად იყოს მოტივირებული. მათი თქმით, ამ ეტაპზე პროკურატურის წარდგენილი ინფორმაცია საქმის სრულად შეფასების საშუალებას არ იძლევა, თუმცა განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ საგამოძიებო ორგანოები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ ხელისუფლების ოპონენტებისა და კრიტიკული მედიების მიმართ.

NGO-ები ამბობენ, რომ პროკურატურის გააქტიურება ემთხვევა გვარამიას მიერ ახალი ტელევიზიის დაანონსებასაც.

"ცხადია, რომ პროკურატურა დაჩქარებულად და უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში მოქმედებს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და მას ბრალი წინა თვეში შეტანილი განცხადების საფუძველზე უკვე წარედგენა მაშინ, როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ბევრი საქმე, რომელთა დაკავშირებითაც გამოძიების მსგავსი ოპერატიულობა არ შეიმჩნევა", — წერია 14 არასამთავრობოს განცხადებაში.

ისინი მოუწოდებენ პროკურატურას, წარადგინოს კონკრეტული წონადი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, იმოქმედოს კანონის და არა მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  3. საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
  4. საფარი;
  5. საზოგადოება და ბანკები;
  6. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  7. საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
  8. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი;
  9. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
  10. ღია საზოგადოების ფონდი;
  11. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  12. საქართველოს გაეროს ასოციაცია;
  13. მედიის განვითარების ფონდი;
  14. კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

ნიკა გვარამიას საქმე

დღეს, 9 აგვისტოს პოროკურატურამ განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და ის ბრალის წარსადგენად დაიბარა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით მიმდინარებს, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება ინტერ მედია პლიუსთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ამ კომპანიას რეკლამა უნდა განეთავსებინა. უწყების განმარტებით, გვარამია მოქმედებდა რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, როცა მისი მეგობრების კუთვნილ კომპანიას ინტერ მედია პლიუს გამორჩენის მისაღებად გაუფორმა ხელშეკრულება, შემდეგ კი განსაზღვრულ პერიოდში, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურება 6 763 510 ლარი განზრახ არ მოითხოვა. მათი თქმით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში რუსთავი 2-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში ინტერ მედია პლიუსის დეკლარირებულმა მოგებამ კი 8 690 664 ლარი.

220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

16 ივლისს რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ პროკურატურაში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ისვე აცხადებდა, რომ გვარამიას გადაწყვეტილებებმა არხს ფინანსური ზიანი მიაყენა. სწორედ ამ საქმეზე აპირებს პროკურატურა ტელევიზიის ყოფილი დირექტორისთვის ბრალის წაყენებას.