ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არ არის გამონაკლისი, რომ პროკურატურამ კითხვები არ დაუსვას. მისი თქმით, ტელევიზიაში მუშაობა არ არის ინდულგენცია, რომელიც გამოძიებისგან დაგიცავს.

"ჩვენს ქვეყანაში შექმნილია ერთგვარი ტრენდი, რომ აუცილებლად პოლიტიკასთან უნდა დააკავშირონ ცალკეულ მოქალაქეებთან, ყოფილ პოლიტიკოსებთან, მაღალჩინოსნებთან, ტელევიზიის ხელმძღვანელებთან, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვეულებრივად რიგით მოქალაქეებთან არსებული საკითხები, რომელიც გამოძიებას გააჩნია. არავინ ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს ინდულგირებული იმით, რომ თუნდაც ის წარმოადგენდა ტელევიზიის ხელმძღვანელს ცოტა ხნის წინ", — განაცხადა მათიკაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

ნიკა გვარამიას საქმე

დღეს, 9 აგვისტოს პოროკურატურამ განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და ის ბრალის წარსადგენად დაიბარა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით მიმდინარებს, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება ინტერ მედია პლიუსთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ამ კომპანიას რეკლამა უნდა განეთავსებინა. უწყების განმარტებით, გვარამია მოქმედებდა რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, როცა მისი მეგობრების კუთვნილ კომპანიას ინტერ მედია პლიუს გამორჩენის მისაღებად გაუფორმა ხელშეკრულება, შემდეგ კი განსაზღვრულ პერიოდში, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურება 6 763 510 ლარი განზრახ არ მოითხოვა. მათი თქმით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში რუსთავი 2-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში ინტერ მედია პლიუსის დეკლარირებულმა მოგებამ კი 8 690 664 ლარი.

220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

16 ივლისს რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ პროკურატურაში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ისვე აცხადებდა, რომ გვარამიას გადაწყვეტილებებმა არხს ფინანსური ზიანი მიაყენა. სწორედ ამ საქმეზე აპირებს პროკურატურა ტელევიზიის ყოფილი დირექტორისთვის ბრალის წაყენებას.