პროკურატურამ რუსთავი 2-ის საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა. ის პროკურატურაში დღეს, 7 საათზეა დაბარებული.

პროკურატურამ დადგენილება მიიღო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით ბრალის წაყენების შესახებ. ამ მუხლით ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, გადაწყვეტილების მიღება პატიმრობით ისჯება.

საქმე ეხება ინტერ მედია პლიუსთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ამ კომპანიას რეკლამა უნდა განეთავსებინა.

"ნიკა გვარამია მოქმედებდა რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ და მისი მეგობრების კუთვნილი კომპანიის ინტერ მედია პლიუსისათვის გამორჩენის მისაღებად, ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდში, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურების შესახებ ინტერ მედია პლიუსთან გაფორმებული ყოველთვიური შეთანხმებებით, განზრახ არ მოითხოვა ტელეკომპანიის კუთვნილი 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, რუსთავი 2-ზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული დიდი ოდენობით თანხების აკუმულირება მოეხდინათ საკუთარი კომპანიის ანგარიშზე და არ გადაეხადათ ტელეკომპანიისთვის", — განმარტა პროკურორმა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში რუსთავი 2-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში ინტერ მედია პლიუსის დეკლარირებულმა მოგებამ კი 8 690 664 ლარი.

16 ივლისს რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ პროკურატურაში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ისვე აცხადებდა, რომ გვარამიას გადაწყვეტილებებმა არხს ფინანსური ზიანი მიაყენა. სწორედ ამ საქმეზე აპირებს პროკურატურა ტელევიზიის ყოფილი დირექტორისთვის ბრალის წაყენებას.