საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალში მასშტაბურ შეტევას არ გეგმავდნენ და მათ ძალიან დააგვიანდათ. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის (IWPR) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსები სწრაფები იყვნენ: "მათ დაიწყეს ცხინვალიდან ევაკუაცია არა იმიტომ, რომ ეშინოდათ ხალხი დაიღუპებოდა, პირიქით, ისინი ბედნიერები იქნებოდნენ ამით".

კითხვაზე, როცა ოკუპანტმა დაიწყო ევაკუაცია, რატომ არ იყო ეს საკმარისი იმისთვის, რომ მათაც დაეწყოთ ევაკუაცია, სააკაშვილი პასუხობს: "იმიტომ, რომ, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ადრე გვქონდა შეტაკებები კოდორის ხეობაში, ევაკუაცია გაგებული იქნებოდა როგორც პროვოკაცია. ისინი ევაკუაციას ახორციელებენ, ჩვენც. ეს ომის ზონის გამოცხადებაა და ჩვენ ვიწყებთ — ომს თუ რას? რადგან ომი იყო ყველა უკანასკნელი რამ, რაც გვინდოდა. არავინ არ იყო მზად ცხინვალში მასობრივი ოპერაციისთვის. ეს იყო პასუხი იმაზე, რასაც რუსეთი აკეთებდა".

მან ასევე თქვა, რომ ცხინვალში შესვლა განხილულიც არ ყოფილა, არც ევროპელ ექსპერტებთან. მან ასევე თქვა, რომ ყველას შეთანხმებული პოზიციით, კონფლიქტი ავტონომიურ ტერიტორიას არ უნდა გაშორებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ მარტიდან იცოდნენ, რასაც რუსეთი გეგმავდა, რატომ არ დასხდნენ და იმსჯელეს როგორ დაეცვათ თავი, სააკაშვილი პასუხობს: "ჩვენ კოსოვოს მაგალითი გვქონდა. რადგან პუტინს სურდა, რომ კოსოვო გაემეორებინა, ის გაჩერდებოდა ავტონომიურ ტერიტორიაზე. ჩვენ არ ვფიქრობდით, რომ ის წავიდოდა უფრო შორს და თბილისში შემოჭრას განიზრახავდნენ. რუსების წარმოსახვაშიც კი ეს ზედმეტი იყო".

მისი თქმით, ჰქონდათ გეგმა აფხაზეთთან დაკავშირებით: "ჩვენ არ ვფიქრობდით, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთისთვის რამეს ნიშნავდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა საინტერესო, თუ რუსეთი თბილისზე შეტევას გეგმავდა. ჩვენ გავაკეთეთ სამხედრო შეფასება, რომ თბილისს არ შეუტევდნენ, ამიტომ არასდროს მიგვიჩნევია სამხრეთ ოსეთის ოპერაცია, როგორც მნიშვნელოვანი სამხედრო ვარიანტი".

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორი 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.

2008 წლის ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა, თუმცა რუსეთი დღემდე არღვევს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს, იტაცებს ხალხს და მცოცავი ოკუპაციის პირობებში აცხოვრებს საქართველოს. ახლანდელი ხელისუფლება კი აგვისტოს ომის დაწყებაში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას ადანაშაულებს, მათ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს კი "პროცესების თანამონაწილეს" უწოდებს.