შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფოთის საბაჟო პუნქტში 28 ტონა გაყინულ ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა 6 აგვისტოს მოხდა. გაყინული ქათმის ხორცი ნიდერლანდების სამეფოდან იყო შემოტანილი და მას ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნებენ.

რა არის სალმონელა

სალმონელათი ინფექცია ხშირი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. სალმონელას ბაქტერია ნორმალურ პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით.

ზოგიერთ შემთხვევაში, სალმონელას ინფქეციასთან დაკავშირებულმა ფაღარათამ, შესაძლოა, იმდენად გამოფიტოს ადამიანი, რომ საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და გასცდა ნაწლავებს, შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. ცუდი სანიტარული ნორმების მქონე ქვეყნებში მოგზაურობისას სალმონელათი ინფექციის რისკი იზრდება.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბავშვთა კვების პროდუქტებში მოკვლევა უკვე დაიწყო. სააგენტოს თქმით, მათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღეს შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ.