შავი მხრებამდე შეჭრილი თმა და ვარცნილობა BOB, ამ ვიზუალით შეაბიჯა ბრიტანელმა შემსრულებელმა ჯესი ჯეიმ 2010 წელს შოუბიზნესში. იმ დღიდან იმიჯი არაერთხელ შეიცვალა და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავადაც იქცა, მაგრამ ერთგული გულშემატკივრის გონებაში ისეთი შემორჩა, როგორიც კარიერის დასაწყისში იყო. ვინაიდან საქართველოს პირველად ეწვია, მომღერალმა გადაწყვიტა მსმენელთან ერთად წარსულში ემოგზაურა და ძველი ვარცხნილობა დაიბრუნა. დროში გადაადგილება ჯესის წარმატებულად გამოუვიდა, თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ჯერ 6 აგვისტოს ბლექ სი არენაზე გადავინაცვლოთ, სადაც ათასობით ადამიანი მის მოსასმენად იკრიბებოდა.

არენას სტუმრებს გაუმართლათ და მზიანი, მაგრამ გრილი ამინდი შეხვდათ. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი სამუშაო დღეს ტარდებოდა წინა დღეს ყველა ბილეთი გაიყიდა. 8 საათისთვის დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რიგები იდგა. მსმენელის ნაწილი არენაზე შესვლას ელოდებოდა, ნაწილი — ლუდს და ჰოთ-დოგს, ზოგი კი ჯიუტად არ ნებდებოდა და ათეულობით ადამიანის უკან იცდიდა ფოტოებისა და გიფების გადასაღებად.

განსაკუთრებულობას არენას ეზოს ის სძენდა, რომ აქ თავისუფლად შეხვდებოდით ჯესი ჯეის. თან არაერთს.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

კონცერტი 20 საათზე იყო დაანონსებული, რამდენიმე კვირის წინ მსმენელს აცნობეს, რომ 21 საათზე გადაინაცვლა, ადგილზე მისულებს კი იმასთან მოუწიათ შეგუება, რომ ვარსკვლავი სცენაზე 22 საათამდე არ ავიდოდა. ზოგიერთის ამ დეტალმა განწყობა გაუფუჭა, თუმცა ყველას ვერა. არენას ეზოში მოწყობილ სცენასთან რამდენიმე ადამიანი ელექტრონული მუსიკის რიტმებზე ცეკვავდა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

სანამ გულშემატკივრებს საყვარელი შემსრულებლის მოლოდინში დრო გაყავდათ ჯესი გამოსაცვლელ ოთახში არხეინად იჯდა და მათ ცეკვას აკვირდებოდა, თან მოუწოდებდა კამერასთან ხელი დაექნიათ და მისალმებოდნენ. მომღერალი ფანების მონიშნულ პოსტებსაც აქტიურად ადევნებდა თვალს და საკუთარ სთორიში აზიარებდა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

სანამ თინეიჯერები ცეკვავდნენ და მოზრდილები სვამდნენ პატარებმაც ნახეს გასართობი: ხატვა და წუწაობა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / FB

ფოტო: თამუნა გეგიძე / FB

22 საათისთვის არენას ეზო დაცარიელდა და გულშემატკივრებმა შიგნით გადაინაცვლეს, თუმცა ისევ მოუწიათ ლოდინი. ჯესი ჯეი სცენაზე 11-ის წუთებზე დადგა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

მომღერალმა დაამტკიცა, რომ წლებთან ერთად არაფერი შეცვლილა. სცენაზე იგივე შემართებით, რაღა თქმა უნდა, საფირმო წკრიალა ხმით და არც ისე ელასტიური მოძრაობებით იდგა, როგორც 2010-ში.

ფოტო: Black Sea Arena / FB

მთელი დარბაზი მღეროდა და ცეკვავდა, თუმცა მომღერალს ხალხთან უფრო აქტიური ურთიერთობა სურდა და საუბარი წამოიწყო. შეიძლება ისიც ითქვას, რომ სიმღერაზე მეტი დრო ლაპარაკით გაიყვანა.

იმის გარკვევა მოასწრო ვის რა ერქვა, რამდენი წლის იყო, მერამდენედ იმყოფებოდა მის კონცერტზე და საკმარისად თუ უმართლებდა მოლოდინებს. გულშემატკივრის გადაცემული საკმაოდ ვრცელი წერილიც წაიკითხა, დაიწუწუნა უკანა რიგებში ყველას ვერ გხედავთო, მაგრამ ვისაც ხედავდა იმასაც გააგონა ხმა.

"ჰეი, პირველ იარუსზე მყოფო გოგონავ, მიხარია, რომ იცინი. ანუ ჩემი კონცერტი მოგწონს?", — კითხულობდა ის და ყოველი პასუხი პატარა ბავშვს ამსგავსებდა, რომელსაც შექება გულწრფელად ახარებს.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ჯესის რამდენიმე ქართული სიტყვის სწავლაზე ბევრი არ უწვალია, სამაგიეროდ სტუმრები აწვალა იმაზე რომ Georgia გაერეპათ. ცოტა რთული აღმოჩნდა მის ტონალობაზე მორგება, მაგრამ მუსიკალური ერი თავს როგორ შევირცხვენდით. საბოლოოდ, შექებაც დავიმსახურეთ.

რაც შეეხება რეპერტუარს, მომღერალმა ყველასთვის საყვარელი ძველთან ერთად ახალი სიმღერებიც შეასრულა. არენაზე ერთხმად მღეროდნენ Price Tag-ს, Do It Like A Dude-ს, Nobody's Perfect-ს, Domino-ს. განსაკუთრებული ყურადღება როგორც მოსალოდნელი იყო Flashlight-მა დაიმსახურა. ამ დროს არენა ერთიანად აციმციმდა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

მომღერალმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საკუთარ თავსაც. უფრო ზუსტად, მის ნიღბებს, რომელიც ათასობით ადამიანს ეჭირა ხელში. ერთ-ერთი ითხოვა, მოისინჯა, მოეწონა, მაგრამ გულშემატკივარს უკან დაუბრუნა. ამ დროს არენაზე ისმოდა: "აუუუ, ნეტა ჩემთვის გამოერთვა", "ამას არასდროს გადავაგდებდი", "ნეტა ხელიც მოუწერა?".

ფოტო: Black Sea Arena / FB

ჯესი ჯეის არც ხელი მოუწერია არავისთვის და არც ბისზე დაბრუნებულა. მას შემდეგ, რაც პროგრამა დაასრულა მომღერალმა სცენა უკანმოუხედავად დატოვა და დარბაზში შუქებიც აინთო, რაც მაყურებელს დასასრულად ენიშნა და არენაც მალევე დაიცალა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ქართველი მსმენელი რომ ხარბია არავისთვისა უცხო. იმით განებივრებულებს რომ არენას ყოველი სტუმარი პროგრამის დასრულების შემდეგ 3-4 სიმღერას ჩუქნიდა, გული დაწყდათ. მაგრამ გადაწყვიტეს ამაზე ბევრი არ ენერვიულათ და ცეკვა გარეთ გააგრძელეს.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

მომდევნო რამდენიმე წუთი არენას მიმდებარედ საცობები იყო. მანქანებიდან ჯესი ჯეის სხვადასხვა სიმღერები ისმოდა, პარალელურად, ლექსენს და ლელა წურწუმიას მოკრავდით ყურს. იქვე ფანტანებიდან კი წყალთან ერთად ჰანს ციმერის მელოდიები იღვრებოდა. მიმდებარე ტერიტორია უცნაურ მუსიკალურ ფესტივალს ჰგავდა, სადაც ყველა იმას უსმენს, რაც მოსწონს.

არენას სტუმრები სხვადასხვა ქალაქებში მიიჩქაროდნენ და სამუშაო დღისთვის ემზადებოდნენ, რაც გულახდილად რომ ვთქვათ, მარტივი ნამდვილად არ არის. ჯესი ჯეის კი საზღვარგარეთ მოგონებები მიჰქონდა შეკვეთილის სანაპიროზე, ქართულ მზესა და მსმენელზე, რომელმაც იმედები არ გაუცრუვა.