რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი აცხადებს, რომ საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა კანონიერი უფლება მოიპოვეს გაფიცვისთვის და მზად არიან ამისთვის. რკინიგზელები ხელფასების 50 პროცენტით მომატებას ითხოვენ. პროფკავშირების დირექტორის მოადგილე, ილია ლეჟავა On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა, რკინიგზის ადმინისტრაციას კი მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია.

პროფკავშირების განცხადებით, მათ უკვე აქვთ 4 500 ხელმოწერა, რითაც თანამშრომლები ადასტურებენ, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, გაფიცვის ლეგიტიმური უფლება აქვთ. ილია ლეჟავას თქმით, მათი უმეტესობა მემანქანისა და ზეინკალის პოზიციაზეა და გაფიცვის შემთხვევაში, რკინიგზის მუშაობა მნიშვნელოვნად შეფერხდება.

პროფკავშირის წევრები შაბათს, 10 აგვისტოს გეგმავენ შეკრებას, სადაც დაზუსტდება გაფიცვის დრო და ადგილი. ილია ლეჟავა ამბობს, რომ ადმინისტრაციას ამის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, სამი დღით ადრე აცნობებენ.

საქართველოს რკინიგზა 4 აგვისტოს გამოეხმაურა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მიერ დაანონსებულ გაფიცვას და ხელფასების 50 პროცენტიანი მატების მოთხოვნას "არარეალური" და "პოპულისტური" უწოდა.

საქართველოს რკინიგზის შეფასებით, რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს არ აქვს ლეგიტიმაცია, სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და, მით უფრო, დააანონსოს გაფიცვები, ვინაიდან, პროფკავშირი აერთიანებს მხოლოდ 400-მდე წევრს.