ოდესმე გქონიათ შემთხვევა, როდესაც მეგობრებს პარტნიორთან არსებული პრობლემის შესახებ უყვებით, მათ კი მიაჩნიათ, რომ სანერვიულო არაფერია? ან გაუბამს თქვენს მეგობარს ახალი რომანი ადამიანთან, რომელიც მათთვის სრულიად შეუფერებლად მიგაჩნიათ, მაგრამ ამასობაში მათი ურთიერთობა უფრო და უფრო ძლიერდება?

ისეთი ფაქტორების გამოსავლენად, რომლებიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვიწყებთ და ვინარჩუნებთ ურთიერთობებს, ფსიქოლოგებმა ორი ტიპის სკალა შეიმუშავეს.

ერთი მათგანი ზომავს, რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ პირველ შთაბეჭდილებებს და შეთავსებადობის ადრეულ ნიშნებს; ხოლო მეორე ზომავს, რამდენად მოსალოდნელია, რომ ურთიერთობებში გაჩენილ პრობლემებზე ვიმუშავებთ. ამ ფაქტორებს ურთიერთობების გამოუთქმელ თეორიებს უწოდებენ, რადგან მათზე ხშირად არ ვლაპარაკობთ ხოლმე. შესაძლოა, ჩვენ ინტუიციურად ვგრძნობდეთ, რამდენად გვჯერა ნამდვილი სიყვარულის, მაგრამ ამას სხვებთან ღიად იშვიათად თუ განვიხილავთ ან ახალი ურთიერთობების საწყის ეტაპზე იშვიათად თუ ვუკვირდებით.

ერთად, ამ ორ სკალას შეუძლია გვაჩვენოს, რამდენად სავარაუდოა, რომ პარტნიორებთან პრობლემებზე საუბარს თავს ავარიდებთ, იმ ადგილებში დავიწყებთ ნაკლოვანებათა ძებნას, სადაც რეალურად ყველაფერი წესრიგშია ან ახსნა-განმარტების გარეშე გავუჩინარდებით ურთიერთობიდან. ამ ფარულ განწყობებს შორის განსხვავებებში გარკვევით, შეიძლება, უკეთ გავიგოთ, რატომ არის ზოგჯერ სხვების რომანტიკული გადაწყვეტილებები ჩვენთვის სრულიად ამოუხსნელი.

გჯერათ ერთი ნახვით შეყვარების? თუ მიგაჩნიათ, რომ ეს გრძნობა დროთა განმავლობაში მოდის?

ფოტო: Javier Hirschfeld / Getty

თუ გსურთ გაიგოთ, რა ადგილს იკავებთ ამ ორ სკალაზე, ეს ორი ტესტი შეავსეთ:

სულიერი თანამგზავრის სკალა

მომდევნო კითხვებზე თქვენი პასუხი 1-დან 7-მდე ციფრით შეაფასეთ, სადაც 1 ნიშნავს, რომ სრულიად ეთანხმებით დებულებას, ხოლო 7 - რომ საერთოდ არ ეთანხმებით.

  1. რომანტიკული ურთიერთობების წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეეფერებიან ადამიანები ერთმანეთს;
  2. სადღაც არსებობს ჩემთვის უნაკლო (ან თითქმის უნაკლო) ადამიანი;
  3. ქორწინებაში უამრავი ადამიანი პოულობს (და არა ქმნის) სიღრმისეულ, ინტიმურ კავშირს საკუთარ მეუღლესთან;
  4. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მე და ჩემს მეუღლეს დაქორწინების შემდეგაც ერთმანეთი თავდავიწყებით გვიყვარდეს;
  5. ვერ დავქროწინდები ადამიანზე, რომელიც თავდავიწყებით არ მიყვარს;
  6. არ არსებობს იდეალური პარტნიორი;
  7. მაქვს მოლოდინი, რომ ჩემი მომავალი მეუღლე ყველაზე გასაოცარი ადამიანი იქნება, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ;
  8. იდეალური მეწყვილის ძიება დროის ფლანგვაა;
  9. ქორწინებების უმეტესობა იმიტომ სრულდება გაყრით, რომ ადამიანები ერთამენთს არ შეეფერებოდნენ;
  10. ადამიანებს შორის კავშირი მათ შეხვედრამდეც არსებობს.

რაც შეეხება ქულებს, პირველ რიგში, შეკრიბეთ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე, მეცხრე და მეათე კითხვების პასუხები. მეექვსე და მერვე შეკითხვებისთვის კი თქვენი თითოეული პასუხი გამოაკელით რვას - მიღებული ციფრი იქნება თქვენი ქულა მოცემული პასუხისთვის. მაგალითად, თუ მეექსვე კითხვა 6 ქულით შეაფასეთ, ჯამურ ქულას ამ პასუხისთვის 2 უნდა დაუმატოთ. როდესაც შეკრებთ ყველა პასუხს, გაყავით ჯამი 10-ზე და ეს იქნება თქვენი ქულა ამ სკალისთვის.

მოგვარების სკალა

მომდევნო კითხვებზე თქვენი პასუხი 1-დან 7-მდე ციფრით შეაფასეთ, სადაც 1 ნიშნავს, რომ სრულიად ეთანხმებით დებულებას, ხოლო 7 - რომ საერთოდ არ ეთანხმებით.

  1. წარმატება რომანტიკულ ურთიერთობებში, ძირითადად, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ცდილობენ ადამიანები მის გაუმჯობესებას;
  2. ქორწინებაში მონდომება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავსებადობა;
  3. ურთიერთობაში სიყვარული ღვივდება (მისი პოვნის საპირისპიროდ);
  4. ადამიანები თუ მოინდომებენ, ქორწინებათა უმეტესობა წარმატებული იქნება;
  5. კეთილგონიერი ადამიანების უმრავლესობასთან შევძლებდი ბედნიერი ოჯახის შექმნას;
  6. ქორწინებების უმეტესობა იმიტომ სრულდება, რომ ადამიანები საკმარისად არ ცდილობენ მათ შენარჩუნებას;
  7. ის, თუ რამდენად კარგად იცნობ ადამიანს, ურთიერთობის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული;
  8. რიგით ადამიანზე დაქორწინების შემთხვევაში კმაყოფილი ვიქნებოდი;
  9. მხოლოდ დროთა განმავლობაში თუ შეიძლება, ნამდვილად კარგად გაიცნო შენი პარტნიორი.

ქულის გამოსათვლელად, შეკრიბეთ პასუხები და გაყავით 9-ზე.

ამ ტესტისთვის შეკითხვები ილინოისის ავრორას უნივერსიტეტის მკვლევრის, რენე ფრანიუკის ურთიერთობების თეორიის კითხვარიდანაა ამოღებული. მან ეს გამოკითხვა საკუთარ კვლევაში გამოიყენა, რომელიც გამოუთქმელ თეორიებს, ურთიერთობების ხანგრძლივობასა და კმაყოფილებას ეხებოდა. ფრანიუკი ამ ორ სკალას სულიერ თანამგზავრსა და მოგვარებას უწოდებს. სხვა მკლევარები მსგავსი სკალებისთვის ტერმინებს, ბედისწერასა და ზრდას იყენებენ.

ურთიერთობებში შექმნილ პრობლემებს ის ადამიანები უკეთესად უმკლავდებიან, რომლებსაც უფრო მაღალი ქულები ზრდის სკალაზე აქვთ.

ფოტო: Javier Hirschfeld / Getty

თუ თქვენ სულიერი თანამგზავრის სკალაზე უფრო მაღალი ქულა აიღეთ და ამან გაგაკვირვათ, ფრანიუკის თქმით, მარტონი ნამდვილად არ ხართ: "ადამიანები მიდრეკილნი არიან იფიქრონ, რომ პრობლემების გადაწყვეტის მომხრეები არიან, თუმცა რეალურად უმრავლესობა სულიერი თანამგზავრის იდეისადმი ვართ უფრო კეთილგანწყობილები. როდესაც ზედაპირულად ვისმენთ ამ თეორიებს, სულიერი თანამგზავრის ცნება არამიმზიდველი გვეჩვენება, რადგან იგი არამეცნიერულად ჟღერს. თუმცა, ეს ხომ მხოლოდ ტერმინია. შეგვიძლია, ამ მოვლენას რაიმე სხვა ვუწოდოთ, რათა ადამიანებს მსგავს რომანტიკულ რწმენებთან თვითიდენტიფიკაცია გავუადვილოთ. თუ გავითვალისწინებთ, რამდენადაა დასავლური კულტურა მომართული მსგავსი იდეების წახალისებაზე, გასაკვირი აღარაა, ასე რომ გვწამს მათი ჭეშმარიტების".

ახლა, როცა უკვე იცით თქვენი ტესტის შედეგი, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება? ურთიერთობებში შექმნილ პრობლემებს ყველაზე კარგად ის ადამიანები უმკლავდებიან, რომლებსაც უფრო მაღალი ქულები ზრდის სკალაზე აქვთ. მეტიც, გამოწვევის არსებობამ მათი ურთიერთობები, შეიძლება, გააუმჯობესოს და გააძლიეროს კიდეც. წყვილები, რომელთაც ზრდის სკალაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ, კონფლიქტის განმუხტვის შემდეგ თავიანთ ურთიერთობას მეტად აფასებენ. ამ ადამიანებისთვის, შესაძლოა, საჭიროც იყოს მცირე, უმნიშვნელო პრობლემების არსებობა, რათა წყვილი ხელახლა ფოკუსირდეს ერთად მუშაობაზე. რაც უფრო მეტ ენერგიას დებენ პარტნიორები ურთიერთობაში, მით მეტად უვითარდებათ ერთმანეთისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა. მათ გამოწვევები იზიდავთ კიდეც.

ამ მიზეზების გამო, მათ, ვისაც ზრდის სჯერათ, შესაძლოა, ყურადღება არ მიაქციონ თავიანთ პარტნიორებთან არსებულ მნიშვნელოვან შეუთავსებლობებს. მათი აზრით, თავსებადობა დროთა განმავლობაში ყალიბდება - ეს კი ისეთი რამაა, რაც მუშაობად ღირს.

როდესაც ადამიანები, რომლებსაც ბედისწერის სწამთ, ხვდებიან, რომ მათი პარტნიორი მათი სულიერი თანამგზავრი არ არის, ისინი, შეიძლება, ახსნა-განმარტების გარეშე გაქრნენ მეწყვილის ცხოვრებიდან.

ფოტო: Javier Hirschfeld / Getty

საპირსპირო ხდება ბედისწერის მომხრეებთან. ამას კი, შესაძლოა, სავალალო შედეგები მოჰყვეს.

დიდი შანსია, რომ პრობლემის გაჩენამ, განსაკუთრებით ურთიერთობის ადრეულ სტადიაზე, დაშორება გამოიწვიოს, რადგან ბედისწერის მორწმუნე ხვდება, რომ მისი იდეალური სულიერი თანამგზავრი უნაკლო სულაც არ ყოფილა. ასეთმა ადამიანებმა შეიძლება იფიქრონ, რომ პარტნიორს მათი "არასოდეს ესმოდა" ან რომ პატარა ნაკლი "იმის სამხილია, რომ ერთმანეთს არ შევეფერებით". როგორც ფრანიუკმა აღმოაჩინა, ეს ხდება მაშინაც, როდესაც წყვილს რეალურად ერთობ ბევრი აქვს საერთო.

თუმცა უარესიც შეიძლება მოხდეს: მათ, შეიძლება, ურთიერთობის დასრულებისას გულისხმიერება დიდად არ გამოიჩინონ. ადამიანები, რომლებსაც ბედისწერის სწამთ, უფრო ხშირად უჩინარდებიან ყოფილი პარტნიორების ცხოვრებიდან - ანუ ისინი ერიდებიან კონტაქტს მანამ, სანამ მეორე ადამიანი არ დანებდება და თავად შეწყვეტს მათთან დაკავშირების მცდელობებს. ამ ტიპის ქცევას თანამედროვე სლენგით გოუსთინგი ეწოდება. რადგან ეს ადამიანები საკუთარ მეწყვილეებს არაშესაფერისად აღიქვამენ, შესაძლოა, ისინი თვლიან, რომ მათთან ურთიერთობის შენარჩუნება ან თუნდაც იმის ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტეს კავშირის გაწყვეტა, უსარგებლოა. "ისინი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ", - ამბობს ჟილი ფრიდმანი, მერილენდის სენტ მერის კოლეჯის ფსიქოლოგი, რომელიც სოციალური უარყოფის ფენომენს იკვლევს, - "თუმცა თუ ზრდის სკალაზე მაღალი ქულა გაქვთ, მეტი შანსია, რომ ახსნა-განმარტების გარეშე გაუჩინარება თქვენთვის მიუღებელი იყოს".

ისინი, ვინც სიყვარულს ბედისწერასთან აკავშირებენ, ნაკლებად განიხილავენ ურთიერთობებში წამოჭრილ პრობლემებს. ეს კი მზარდ გულისწყრომას და უკმაყოფილებას იწვევს.

ფოტო: Javier Hirschfeld / Getty

თუ რაიმე პრობლემის გამო არ დაშორდნენ და მაინც სწამთ, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვეს, ბედისწერის არსებობაში დარწმუნებული ადამიანები ხშირად პრობლემებს სრულიად უგულებელყოფენ. "ისინი, ვისაც ბედისწერის სწამთ, პარტნიორებს უფრო იოლად პატიობენ და უფრო ხშირად ერიდებიან მათთან კონფლიქტს, რადგან იმის დაჯერება სურთ, რომ ეს ადამიანი მათი სულიერი თანამგზავრია", - ამბობს ფრანიუკი. ეს, შეიძლება, მცირე უთანხმოებების დროს კარგიც იყოს, "თუმცა, თუ თქვენ დიდ კონფლიქტს თავს აარიდებთ, ისეთ ადამიანთან დარჩებით, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე ცუდ გავლენას ახდენს".

ამას, შეიძლება, მძიმე შედეგები მოჰყვეს. ბედისწერის მომხრეები, რომლებიც დიდი ხანია, ერთად არიან, უფრო ხშირად აქცევენ ზურგს პრობლემებს და თავს იტყუებენ, რომ ერთად გატარებული დროის ხანგრძლივობის გამო ერთმანეთს კარგად ეწყობიან.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რაც უფრო დიდი ხანი რჩებოდნენ ბედისწერის თეორიის მომხრეები შეუფერებელ ადამიანთან, მით უფრო იზრდებოდა იმის ალბათობა, რომ რაღაც ეტაპზე ისინი ძალადობის მსხვერპლნი გახდებოდნენ", - აღნიშნავს ფრანიუკი, - "ისინი ურთიერთობაში არსებულ სერიოზულ გამოწვევებს ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოაჩენენ და იმაზე მეტ შანსს აძლევენ საკუთარ პარტნიორებს, ვიდრე ამას სხვა ადამიანი იზამდა. ზოგმა, შესაძლოა, ადრევე შეამჩნიოს საგანგაშო ნიშნები და ურთიერთობა მალევე დაასრულოს. თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ხედავენ, რომ შეუფერებელ მეწყვილეებთან არიან, მაგრამ ფინანსური დამოკიდებულების გამო ინარჩუნებენ ურთიერთობას. ამასთან ერთად, საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, ისინი უფრო მიმტევებლებიც არიან, რაც მათ სახიფათო სიტუაციებში აგდებთ".

როგორც ჩანს, რომანტიკული შეხედულებები დროთა განმავლობაში უცვლელი რჩება. ესე იგი, ერთხელ თუ იწამებ ბედისწერის არსებობას, მუდამ ამ რწმენის ერთგული დარჩები. "ამ შეხედულებებს ინდივიდებში ღრმად აქვთ ფესვები გამდგარი. როდესაც ადამიანები 20 და 30 წელს აღწევენ, ამის შემდეგ მათი ხასიათი ერთობ სტაბილური ხდება. ხასიათის მსგავსად, ურთიერთობების შექმნის გზებისადმი დამოკიდებულებაც ადრულ ასაკში გვიყალიბდება - ბავშვები ამ იდეებს თავიანთ გარშემო არსებულ ურთიერთობებზე დაყრდნობით აგებენ", - ამბობს ფრანიუკი.

ზრდასთან შესაბამისობაში არსებულ მოსაზრებებს უფრო ეფექტიან კომუნიკაციასა და ხანგრძლივ, სასიამოვნო ურთიერთობებამდე მივყავართ. ამ შემთხვევაში პრობლემებს წყვილის გაძლიერებაც კი შეუძლიათ.

ფოტო: Javier Hirschfeld / Getty

აღსანიშნავია, რომ ეს ორი მიდგომა ყოველთვის ურთიერთგამომრიცხავი არაა. "შესაძლოა, მიიჩნევდეთ, რომ ურთიერთობები უმჯობესდება, როდესაც წყვილი პრობლემებზე ერთად მუშაობს, თუმცა, ამასთან, იმისიც გჯეროდეთ, რომ სადღაც თქვენთვის სრულიად შესაფერისი ადამიანი არსებობს", - ამბობს ფრიდმანი, - "ისეთი ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, რომელიც თვლის, რომ ზრდა შეუძლებელია. ამასთან ერთად, ჩვენ რომანტიკული განწყობების გამოხატვის ფორმების შეცვლის უნარიც შეგვწევს. წარსული გამოცდილებები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი მიდგომა გვექნება ახალი ურთიერთობებისადმი". ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბედისწერის გწამთ, გოუსთინგის ნაცვლად, თქვენ მაინც შეიძლება, ურთიერთობა გულისხმიერად დაასრულოთ ან პრობლემების უგულებელყოფისადმი მიდრეკილების მიუხედავად, მათ გადასაჭრელად მეტი ძალისხმევა გამოიჩინოთ.

როგორც იტყვიან, ჭეშმარიტი სიყვარულის გზა არასდროს ყოფილა გლუვი – მაგრამ საკუთარი რომანტიკული მისწრაფებების გაცნობიერებას შეუძლია, გზად შემხვედრი წინაღობები მეტი წარმატებით გადაგვალახინოს.