ორი ქალის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, თბილისში ბრალდებული ძალადობისა და მუქარის გამოყენებით ორი ქალის გაუპატიურებას შეეცადა.

"იგი ჯერ ერთ მსხვერპლს დაესხა თავს, კისერზე მოუჭირა ხელი და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მის გაუპატიურებას შეეცადა. დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისა და გამვლელი მოქალაქეების გამოჩენის გამო ბრალდებულმა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო", — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამის შემდეგ ბრალდებული იგივე განზრახვით სხვა ქალს დაესხა თავს: "ყელზე მოუჭირა ხელი, ძალის გამოყენებით შეიყვანა გამწვანების ზოლში, ყელზე მიაბჯინა დაუდგენელი საგანი და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარება მოითხოვა".

"დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის და გამვლელი მოქალაქეების გამოჩენის გამო ბრალდებულმა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", — ამბობენ პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19.137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა; 2 ეპიზოდი) წარუდგინა, რაც გაუპატიურების მცდელობის ორ ეპიზოდს გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.