მილენიალების თაობის წარმომადგენლები დღეს 23-დან 38 წლამდე ასაკისანი არიან. ეს ის პერიოდია, როცა ადამიანები კარიერას იწყობენ და ოჯახებს ქმნიან. მიუხედავად ამისა, ახლახანს ჩატარებული გამოკითხვის და კვლევების მიხედვით, ამ თაობას რაღაც აკლია და ეს რაღაც მეგობრობაა.

YouGov-ის ახალი გამოკითხვის მიხედვით, მილენიალების 30 პროცენტი ამბობს, რომ თავს მარტოდ გრძნობს. ეს სხვა თაობებთან შედარებით ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია.

მეტიც, მილენიალების 22 პროცენტი ამბობს, რომ საერთოდ არ ჰყავს მეგობარი; 27 პროცენტის თქმით, მათ არ ჰყავთ "ახლო მეგობარი"; 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ "საუკეთესო მეგობარი" არ ჰყავს და 25 პროცენტი ამბობს, რომ ნაცნობები არ ჰყავს (აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ჩვენ არ ვიცით, რა მნიშვნელობას მიაწერენ რესპოდენტები "ნაცნობის" ცნებას. როგორც წესი, ამ სიტყვაში იგულისხმება "ადამიანი, რომელთანაც შიგადაშიგ ვურთიერთობთ").

შედარებისთვის, თაობა X-ის მხოლოდ 16 და ბეიბი ბუმერების მხოლოდ 9 პროცენტი ამბობს, რომ მეგობარი არ ჰყავს.

გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებული 1 254 ზრდასრული მონაწილეობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლევა არ მოიცავს თაობა Z-ის წარმომადგენლებს (ამ ასაკობრივ ჯგუფშიც, სხვა გამოკითხვების მიხედვით, მარტოობის მაღალი დონე შეინიშნება). ასევე, არ გამოუკითხავთ მოსახლეობის ყველაზე ხნიერი თაობაც. გასათვალისწინებელია, რომ მარტოსულობის მაჩვენებელი 75 წლის ზემოთ იზრდება ხოლმე; მოხუცებში სოციალური იზოლაცია ძალიან დიდი პრობლემაა და ბეიბი ბუმერების თაობაში ეს მდგომარეობა, დიდი ალბათობით, უფრო გამწვავდება. ასე რომ, შეიძლება, მილენიალები სულაც არ არიან ყველაზე მარტოსულები.

თუმცა კვლევის შედეგები მაინც მოულოდნელია. რატომ ამბობს 20 და 30 წელს გადაცილებული ადამიანების მეხუთედი, რომ მეგობრები არ ჰყავს? კვლევა ამ კითხვას პასუხს არ სცემს.

თუ ეს თაობა მართლაც უფრო მარტოსულია, ეს საკითხი საყურადღებოა, რადგან, როგორც კვლევები აჩვენებს, მარტოობის განცდა ასაკთან ერთად იზრდება. რა მდგომარეობაში იქნებიან მილენიალები, როცა ასაკში შევლენ?

აქ ასევე ჩნდება კითხვა, არიან თუ არა მარტოსული ადამიანები უფრო იზოლირებული ინტერნეტში მეტი დროის გატარების გამო? (თუმცა საფუძვლიანია ვთქვათ ისიც, რომ ინტერნეტი მარტოსულ, იზოლირებულ ადამიანს სხვებთან დაკავშირებაში შეიძლება დაეხმაროს.)

შეიძლება, ამ შედეგის ასახსნელად რაღაც კონკრეტული მიზეზებიც არსებობს, თუმცა ისიც სავარაუდოა, რომ მარტოობას ცხოვრების ეტაპებზე ცვალებადი სიმძაფრით აღვიქვამთ. ერთ-ერთი ანალიზის მიხედვით, რომელიც 25 ათასი ადამიანის მონაცემებს მოიცავს, — "მარტოობის მაჩვენებელი ახალგაზრდებში ყველაზე მაღალია, მცირდება შუა ასაკში და მცირედით იმატებს მოხუცებულობისას".

30-დან 40 წლამდე ადამიანებისთვის მეგობრების შეძენა უფრო და უფრო რთული ხდება. მეგობრები საცხოვრებელს იცვლიან, ვალდებულებები ოჯახსა და სამსახურში იზრდება და ძველ მეგობრებთან შეხვედრის გეგმები განუსაზღვრელ მომავალში გადაინაცვლებს ხოლმე.

მარტოობა პრობლემაა, რადგან ჯანმრთელობისთვის შეიძლება იყოს ცუდი.

მარტოობა ასოცირდება მაღალ წნევებთან და გულის დაავადებებთან — ის პირდაპირი მნიშვნელობით გვიტეხავს გულს. მარტოსულობა სიკვდილის რისკს 26 პროცენტით ზრდის (რომ შევადაროთ, ეს მაჩვენებელი დეპრესიის და შფოთვის შემთხვევაში 21 პროცენტია).

თუმცა, ნუ მოტყუვდებით: სტრესი ყველას გვჭირდება. რაღაც დოზით მარტოსულობაც საჭიროა. მარტოობის ტკივილი გვახსენებს, რომ სოციალური არსებები ვართ და ადამიანებთან ურთიერთობა ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობისაა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარტოობა არ ნიშნავს ცოტა მეგობრის ყოლას. პრობლემა სოციალური იზოლაციაა. რამდენიმე ადამიანიც საკმარისია იმისთვის, რომ სრულფასოვანი ურთიერთობები გვქონდეს.

რაც უფრო დიდხანს ვართ მარტოსულობის მდგომარეობაში, ადამიანებთან კონტაქტი უფრო და უფრო რთული ხდება. ამიტომ ადამიანებთან კავშირი არ უნდა დავკარგოთ. მარტოობა პრობლემა მაშინ ხდება, როცა ქრონიკულ ხასიათს იღებს.