რკინიგზის ახალი პროფკავშირების ინფორმაციით, ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე გაფიცული მუშებიდან 20-მა სამსახური დატოვა. პროფკავშირების წარმომადგენლის, ილია ლეჟავას თქმით, გაფიცული 60 მუშიდან დანარჩენები პროტესტს აგრძელებენ.

"20 ლარზე ამუშავებდნენ გვირაბის მშენებლობაზე და ეს უკვე დამსაქმებლის და დასაქმებულის ურთიერთობა ხომ არ არის მარტო... მოლაპარაკებებს შედეგი არ მოაქვს, გაფიცვას შედეგი არ მოაქვს, არაფერი მოწესრიგებული აქ არ არის, შრომის კოდექსის მინიმალური ნორმები არ სრულდება და ა.შ." — აღნიშნა On.ge-ს საუბრისას ილია ლეჟავამ.

პროფკავშირების განცხადებით, ისინი გაფიცულ მუშებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობენ. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა მეორე დღეა შეჩერებულია.

ქვიშხეთის სარკინგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები 5 აგვისტოს გაიფიცნენ. ისინი დღიური ხელფასის 20 ლარიდან 30 ლარამდე გაზრდას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მშენებლობას ჩინეთის 23-ე ბიურო აწარმოებს, რომელთანაც მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობაზე ჩინეთის 23-ე ბიუროს მიერ დასაქმებული მუშები 2016 წელსაც გაიფიცნენ. დასაქმებულები უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და შრომის მინიმალური პირობების შექმნას ითხოვდნენ. 100-ამდე მუშის ორკვირიანი პროტესტი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებით დასრულდა. ერთი თვის შემდეგ მუშები ამბობდნენ, რომ დამსაქმებლები აგრესიულები გახდნენ. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირებმა 2016 წლის 4 ნომებერს განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ დამსაქმებლებმა მუშები სცემეს. მათი ცნობით, ჰოსპიტალიზირებული იყო 5 მუშა და 2 ადგილობრივი მაცხოვრებელი. 2017 წელს რკინიგზელთა პროფკავშირები აცხადებდა, რომ გვირაბის მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. 2017 წლის 29 ივლისს მშენებლობისას გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევის შედეგად ორი მუშა დაშავდა.