ალცჰაიმერის დროული დიაგნოსტირება ძალზე რთული პროცესია. ექიმთა უმრავლესობა მის აღმოსაჩენად სპეციალურ ტესტებს ატარებს და პარალელურად პაციენტის ოჯახის წევრებს ესაუბრება. ამგვარი დიაგნოსტიკის მიუხედავად დგინდება, რომ ექიმთა 50% ალცჰაიმერის დიაგნოზს სწორად ვერ სვამს. ეს იგივეა, რაც დიაგნოსტირება უბრალოდ მონეტის აგდებას მივანდოთ.

მეცნიერებმა უკვე წლებია იციან, რომ ალცჰაიმერის სიმპტომების კლინიკურ გამოვლინებამდე პათოლოგიური პროცესი გაცილებით ადრე იწყება. მასში მნიშვნელოვანი როლს კი ამილოიდები თამაშობენ. ისინი ნერვული სისტემის ცილებს წარმოადგენენ, რომლებიც უფრო დიდი ცილების დაშლის შედეგად ყალიბდებიან და მათი ზუსტი ფუნქცია ჯერ-ჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის. ამილოიდისთვის დამახასიათებელია მცირე ზომის კლასტერებად (გროვებად) შეკვრა და საბოლოოდ ამილოიდურ ფოლაქად ჩამოყალიბება. ამგვარი ფორმით ისინი უკავშირდებიან ნერვული ქსოვილის რეცეპტორებს და ერთვებიან უჯრედშორისი ნივთიერებათა ცვლის პროცესში. საბოლოოდ ეს ყოველივე ნერვულ უჯრედებს შორის კავშირს არღვევს.

ალცჰაიმერის დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის (PET) განვითარებამ მეცნიერებს ამილოიდური ფოლაქების დანახვის საშუალება მისცა. შესაბამისად, გაჩნდა მოსაზრებაც, რომ ამილოიდური ფოლაქების აღმოჩენამ შესაძლოა ალცჰაიმერის ადრეული დიაგნოსტიკის საშუალება მოგვცეს.

2019 წლის 2 აპრილს ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა ამილოიდური ფოლაქების PET-სკანირებით ვიზუალიზაციის პირველი შედეგები. კვლევაში 11 409 ადამიანი მონაწილეობდა. მათ ნაწილს მსუბუქი კოგნიტური დარღვევა აღენიშნებოდა, ნაწილს კი დემენცია ჰქონდა დიაგნოსტირებული. სკანირებამ გამოავლინა, რომ მსუბუქი კოგნიტური დარღვევის მქონე პაციენტთა 55%-ს ამილოიდური ფოლაქები აღენიშნებოდათ, ხოლო დემენციის მქონე პაციენტთა შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 70% იყო. წარმოდგენილი მტკიცებულება საკმარისი იყო იმისთვის, ალცჰაიმერის ადრეულ დიაგნოსტიკაში PET-სკანირების მნიშვნელობაზე დისკუსია დაწყებულიყო.

აღნიშნული გარკვეულწილად პრობლემური საკითხია. მოხუცთა თავის ტვინში ამილოიდური ფოლაქები საკმაოდ ხშირად გვხვდება, მაგრამ ეს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებისთვის საკმარისი არ არის. შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია ისიც, რომ PET-სკანირებით ამილოიდების არსებობაზე უარყოფითი პასუხი იმის გარანტი ვერ იქნება, რომ ადამიანს დემენცია არ განუვითარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ამილოიდი ალცჰაიმერის იდეალურ საზომად არ გამოდგება, არსებულ ფაქტობრივ მტკიცებულებას ვერაფერს მოვუხერხებთ — იგი ნამდვილად რაღაც როლს თამაშობს დემენციის განვითარებაში. თუმცა, სანამ ტვინში ფოლაქებად ჩამოყალიბებას შეუდგება, მანამდე იგი კლასტერების სახით იწყებს შეწებებას. ასეთ მცირე კონცენტრაციას პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფი ვერ აფიქსირებს. ამ პრობლემის ირგვლივ მეცნიერთა ჯგუფები უკვე წლებია მუშაობენ, თუმცა ამ დრომდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წინსვლა არ ჰქონიათ.

რამდენიმე დღის წინ ჟურნალში Neurology გამოქვეყნებული კვლევა ნამდვილად იმედისმომცემად გამოიყურება. მკვლევართა ჯგუფმა 158 ადამიანის სისხლის ანალიზი შეისწავლა. მათ პლაზმის ბიომარკერები მას-სპექტრომეტრიით გამოიკვლიეს. აღნიშნული მეთოდი ანალიტიკურ ქიმიაში გამოიყენება და მეცნიერთა ჯგუფის წევრებს მასთან საკმაოდ მჭიდრო შეხება ჰქონდათ ბოლო 20 წლის განმავლობაში.

საბოლოო დასკვნა კი ასე ჟღერს: სისხლის სპეციალური ანალიზი საშუალებას გვაძლევს ყოველგვარი სიმპტომის გამოვლენამდე 94%-იანი სიზუსტით აღმოვაჩინოთ ორგანიზმში ამილოიდების არსებობა. ეს ყველაფერი კი იმ დროს, როდესაც ფოლაქების "დასანახად" PET-სკანირება უძლურია.

რატომ არის ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი?

ალცჰაიმერის ეფექტური მკურნალობა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. მის სამკურნალოდ დარეგისტრირებული პრეპარატების (არიცეპტი და ნამენდა) ეფექტურობა ძალზე მოკრძალებულია და ისიც დროის სულ მცირე მონაკვეთში. ეს მედიკამენტები მსუბუქი კოგნიტური დარღვევის მქონე პაციენტებსაც ვერ შველიან.

სტატისტიკური ანალიზი გვაჩვენებს, რომ პრეკლინიკური ალცჰაიმერის შემთხვევაშიც კი ადამიანთა უმრავლესობა დემენციის განვითარებამდე კვდება. მაგალითისათვის: პრეკლინიკური ალცჰაიმერის დიაგნოზის მქონე 60 წელს ზემოთ ქალების 31%-ს აქვს დემენციის განვითარების რისკი, თუმცა მათი 70% უფრო ადრე, სხვა მიზეზის გამო კვდება. იგივე ასაკის მამაკაცებში დემენციის განვითარების რისკის მხოლოდ 23 პროცენტია. ლოგიკურია რომ ჩნდება კითხვა: რატომ უნდა ვინერვიულით წინასწარ იმაზე, რაც შესაძლოა საერთოდ არ დაგვემართოს?

ადრეული დიაგნოსტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამსახურება ადამიანთა მოტიცავიის შეცვლაა. სიგარეტის მოწევის შეწყვეტა, ვარჯიშის დაწყება და ჯანსაღ კვებაზე გადასვლა დემენციის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. იგივე შეიძლება ითქვას ალცჰაიმერის დაავადებაზეც.

წინა თვეში გამოქვეყნებულ პოპულაციურ კვლევაში მეცნიერებმა სწორედ ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობასა და ალცჰაიმერის გენეტიკურ წინასწარ განწყობაზე იმსჯელეს. აღმოჩნდა, რომ მოხუცებულ ასაკში აქტიური ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი გენეტიკური წინასწარგანწყობის მიუხედავად დემენციის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

სისხლის ანალიზით დაავადების განვითარების თუნდაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორის ადრეული აღმოჩენაც კი დიდი შეღავათია მკვლევარებისათვის. ეს მათ საშუალებას მისცემთ ერთი შეხედვით ჯანმრთელი, უსიმპტომო პაციენტები დროულად ჩართონ ახალი პრეპარატების კვლევებში.