ქვიშხეთში, სარკინგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშებსა და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, მშენებლობაზე დასაქმებული სამოცივე მუშა გაფიცულია და ისინი სამუშაოს მანამდე არ დაუბრუნდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

პროფკავშირების წარმომადგენელი, ილია ლეჟავა ამბობს, რომ საქართველოს რკინიგზა პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს, როდესაც დამსაქმებლად ჩინეთის 23-ე ბიურო შემოჰყავს.

"სამწუხაროდ, მოლაპარაკება ვერ შედგა, ადმინისტრაცია არ დათანხმდა, რომ დააკმაყოფილოს ამ ადამიანების მოთხოვნა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მოთხოვნა არის სამართლიანი, მათ უნდა მიიღონ ეს ანაზღაურება. პროტესტი გრძელდება და როგორც თავად დასაქმებულები ამბობენ კიდევ უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს", — აღნიშნა რუსთავი 2-თან საუბრისას ილია ლეჟავამ.

ქვიშხეთის სარკინგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები დღეს, 5 აგვისტოს გაიფიცნენ. ისინი დღიური ხელფასის 20 ლარიდან 30 ლარამდე გაზრდას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობაზე ჩინეთის 23-ე ბიუროს მიერ დასაქმებული მუშები 2016 წელსაც გაიფიცნენ. დასაქმებულები უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და შრომის მინიმალური პირობების შექმნას ითხოვდნენ. 100-ამდე მუშის ორკვირიანი პროტესტი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებით დასრულდა. ერთი თვის შემდეგ მუშები ამბობდნენ, რომ დამსაქმებლები აგრესიულები გახდნენ. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირებმა 2016 წლის 4 ნომებერს განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ დამსაქმებლებმა მუშები სცემეს. მათი ცნობით, ჰოსპიტალიზირებული იყო 5 მუშა და 2 ადგილობრივი მაცხოვრებელი. 2017 წელს რკინიგზელთა პროფკავშირები აცხადებდა, რომ გვირაბის მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. 2017 წლის 29 ივლისს მშენებლობისას გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევის შედეგად ორი მუშა დაშავდა.