კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის პროკურატურას მოუწოდებს რუსთავი 2-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.

კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსთავი 2-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე - მიიღონ კომპანიის 40%, უარს ამბობენ, სამართლებრივ დავას განაგრძობენ და ხალვაშთან მოლაპარაკებებს წყვეტენ.

"რუსთავი 2-ის დამფუძნებლების განცხადების საფუძველზე, მათი ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება 2012 წლის 8 დეკემბერს დაიწყო და ისევ გრძელდება. აღნიშნულ საქმეზე არაერთი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გამოითქვა თავად რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებში ჩართული პირების მხრიდან", —ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციას მედიის ადვოკატირებისთვის მიაჩნია, რომ ვინაიდან საკითხი ეხება ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ მედიასაშუალებას, რომელიც წლებია მის გარშემო მიმდინარე პროცესებით საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, სახეზეა მაღალი საჯარო ინტერესი და საქმის მასალების გასაჯაროების აუცილებლობა.

ისინი აღნიშნავენ, რომ პროკურატურას მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე თავისი ინიციატივით არაერთხელ გაუსაჯაროებია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მასალები.

განცხადებას ხელს აწერს:

  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  2. მედიაკლუბი;
  3. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  4. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  5. ღია საზოგადოების ფონდი;
  6. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  7. ლიბერალური აკადემია თბილისი;
  8. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
  9. სატელევიზიო ქსელი;
  10. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია;
  11. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.