ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ On.ge-ს მან თავად უამბო.

მისი თქმით, მან პარასკევს, 2 აგვისტოს შვებულებაში გასვლაზე დაწერა განცხადება, დასტურიც მიიღო, თუმცა, დღეს, 5 აგვისტოს აცნობეს, რომ შვებულებაზე უარი უთხრეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"საფუძველი არ ვიცი ჯერ. ცოტა ხანში მივალ და გავარკვევ... მითხრეს ხელშეკრულების შეწყვეტაზე ხელის მოსაწერად მივსულიყავი ან ელ. ფოსტით გამომიგზავნიდნენ", — განმარტავს მურადაშვილი და დასძენს, რომ

არხის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამილა გველესიანმა On.ge-ს უთხრა, რომ მურადაშვილის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა და მასთან დალაპარაკებას აპირებენ.

არხზე მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ ტელეკომპანია დატოვა იურიდიული სამსახურის უფროსმა, დიტო საძაგლიშვილმა. მის გარდა, რუსთავი უკვე დატოვა პოლიტიკური და დღის გადაცემების პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა. ამასთანავე რუსთავი 2-ზე აღარ გავა ფორმულა კრეატივის პროექტები: ჩემი ცოლის დაქალები, მთავარი ექიმი და სამზარეულოს ომები.

რუსთავი 2-ის საქმე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ეს ნიშნავს, რომ ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არხი ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმიც გააუქმა. სწორედ ამ მექანიზმის გამო ვერ გადაიფორმა 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ქიბარ ხალვაშმა რეესტრს ტელეკომპანიის წილების გადმოფორმებაზე მიმართა, რაც რეესტრმა მალევე დაუკმაყოფილა. ახლა რუსთავი 2-ის 100%-ს მფლობელი ქიბარ ხალვაშია. ამასთანავე, ქიბარ ხალვაშმა დირექტორის თანამდებობიდან მოხსნა ნიკა გვარამია და თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. რუსთავი 2-ის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაში ხელისუფლების გეგმას ახორციელებს და კრიტიკული მედიის დახურვა სურთ. ისინი ახალი გენერალური დირექტორისგან და მფლობელისგან არხის სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვენ. აღნიშნულს, ქიბარ ხალვაში არ დაეთახმა და "ახირება" უწოდა.