საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩების შეთანხმებას, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მრავალი მცდელობისა, ვერავინ შეუშლის ხელს ქვეყნის განვითარებას:

მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება და აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე.

დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შედგა საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების თაობაზე.

ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ,წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების და განხორციელებული რეფორმების აღიარებას.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, რომელთაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ ყოფილიყო აღიარებული.

მსურს, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეს მნიშვნელოვანი მიღწევა. ასევე,მადლობა მინდა გადავუხადო იმ ინსტიტუტებს და საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გასწიეს, ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მისაღებად.

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირისგან ჩვენ ვიღებთ ასეთ პოზიტიურ გზავნილს, რაც ნიშნავს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების და მიღწეული წარმატებების აღიარებას.

ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მრავალი მცდელობისა, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას და გარდაუვალ წარმატებას, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის საკითხებში.

დღეს ევროკავშირის ელჩებმა მიაღწიეს შეთანხმებას და მწვანე შუქი აუნთეს ევროპის საბჭოს, დაიწყოს მოლაპარაკებები ევროპის პარლამენტთან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებით.