საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წელს პარტიების დაფინანსების სისტემა შეიცვლება "უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით". ამის შესახებ თალაკვაძემ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა მოამზადა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რომელზეც ოპოზიციასთან, არასამთავრობოებთან და დიპლომატიურ კორპუსთან კონსულტაციების მესამე რაუნდი დაიწყება. ამ კანონპროექტით, არჩევნები 2020 წელს ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით.

"შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას.

დღეს მოქმედი კანონით, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა "პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით".

ბიუჯეტიდან თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც:

  • დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი;
  • თუ მისი ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის წარდგენით პარლამენტში აირჩიეს მაჟორიტარი და ეს პარტია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით.

საბიუჯეტო დაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა შედგება საბაზო ნაწილის, პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისათვის გამოყოფილი დანამატისა და მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისი კომპონენტისაგან.

საქართველოში საარჩევნო ცვლილებებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეებმა საქართველოში რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჯდომა გააპროტესტეს და რამდენიმეპუნქტიანი მოთხოვნები დააყენეს. ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ.