უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მისი რეკომენდაციაა წინასაარჩევნო დღეებში არ გასაჯაროვდეს გახმაურებული საქმეების შედეგები თუმცა, რა თქმა უნდა არის სხვა საქმეები, რომელთა დროული გამოძიება მნიშვნელოვანია:

"თუნდაც ბოლო დღეებში გამოქვეყნებული ჩანაწერები და მათი ეფექტიანი და დროული გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე სხვა ინციდენტები, იქნება ეს კორცხელის თუ დიდნეძის ინციდენტი, აუცილებელია დროული გამოძიება, რადგან, როცა არ მოხდა კორცხელში დროული რეაგირება ძალადობაზე, და აღსანიშნავია, რომ პოლიციის თანამშრომლები ესწრებოდნენ ინციდენტს და მათ შეიძლება ითქვას არაფერი გააკეთეს ძალადობის აღსაკვეთად".

ომბუდსმენის თქმით, შსს-ს რეაქცია კორცხელზე დაგვიანებული იყო, რამაც წაახალისა და ხელი შეუწყო იმ მოვლენებს, რაც წინასაარჩევნოდ საზოგადოებამ მიიღო:

"ეს გამოძახილია იმის, რომ თავის დროზე პასუხი არ გაეცა იმ კონკრეტულ ძალადობას კორცხელში".

22 მაისს, ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანზე, სადაც შუალედური ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობდა, ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათ შორის გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 1-ელ ივნისს შსს-მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წარუდგინა.

1-ელ ოქტომბერს, გვიან ღამით, ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდნეძში ქართული ოცნების აქტივისტებს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როცა ისინი სოფელში სააგიტაციო მასალას არიგებდნენ. დღეს შსს-მ ქართული ოცნების აქტივისტების ცემის ფაქტზე ნაცმოძრაობის წევრებს ბრალი წაუყენა.