1 თვის წინ, 7 წლის ბიჭი კლინიკაში ქვედა ყბის შესიებისა და მწვავე ტკივილის ჩივილებით მიიყვანეს. პირის ღრუს რენტგენოგრაფიული კვლევით ექიმებმა პაციენტის პირის ღრუში "პათოლოგიური კბილების" მთელი გროვა აღმოაჩინეს.

დიაგნოსტიკის შემდგომ ყბა-სახის ქირურგთა ბრიგადამ 5-საათიანი ოპერაცია ჩაატარა.

"ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ჩვენ ზემოდან გავხვრიტეთ ქვედა ყბა, ისე, რომ ძვალი არ დაგვიმსხვრევია. შესაბამისად შემდგომში რეკონსტრუქციული ჩარევის საჭიროება არ არსებობს. პათოლოგიური კბილის გროვების ტომსიკა რომ წარმოიდგინოთ, იგი პატარა ფრაგმენტებით სავსე ბუშტს მოგაგონებთ", — განაცხადა ექიმმა სენთილნეთენმა, კლინიკის პირის ღრუსა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის უფროსმა. იგი ამ უნიკალურ ოპერაციაში ქირურგიული ბრიგადის ერთ-ერთი წევრი გახლდათ.

გროვების სახით არსებული კბილების რაოდენობამ 526 ერთეული შეადგინა. მათი ზომა 0,1მმ-დან 15მმ-მდე მერყეობდა და თითოეულ მათგანს გვირგვინი, ფესვი და ემალის გარსი გააჩნდა. მარტივად რომ ვთქვათ, თითოეული მათგანი თავისი ანატომიური მახასიათებლით კბილი გახლდათ.

ფოტო: Caters News Agency

ბიჭი კლინიკიდან ოპერაციიდან 3 დღის შემდეგ გაწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინდოელმა ექიმებმა ამ კლინიკური შემთხვევის შესახებ 1-თვიანი დაგვიანებით გააკეთეს განცხადება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საფუძვლიანად შეისწავლეს ოპერაციული მასალა და აღმოჩენილმა ფაქტობრივმა მტკიცებულებამ მათ დასკვნების გაკეთების საშუალება მისცა.

ამ იშვიათ პათოლოგიას კომპოზიტური ოდონტომა ჰქვია, რაც კბილის ქსოვილებიდან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნეს ნიშნავს. მისი განვითარების მიზეზები ბოლომდე ცნობილი არ არის, მაგრამ შესაძლოა ამაში გენეტიკა, ან გარემო ფაქტორები (მაგ. რადიაცია) თამაშობდნენ მნიშვნელოვან როლს.

ბავშვს აღნიშნული პათოლოგია შესაძლოა დიდი ხანია აქვს. მშობლების თქმით, მათ ქვედა ყბის შესიება გაცილებით ადრე, 3 წლის ასაკში შენიშნეს, თუმცა აქამდე ვერაფრის გაკეთება მოახერხეს, რადგანაც ბიჭი სტომატოლოგის სავარძელში მშვიდად არ ჩერდებოდა და ექიმებს გამოკვლევის საშუალებას არ აძლევდა.

ფოტო: P Ravikumar/Reuters

ექიმი სენთილნეთენის განცხადებით, ეს აღმოჩენა მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტომატოლოგიური პათოლოგიების ადრეული მკურნალობა.