Facebook მესენჯერი და მიმოწერის სხვა საშუალებები დიდი ხანია სპეცსამსახურების სამიზნედ იქცა. ბოლო წლებში უამრავი სკანდალის მოწმენი გავხდით, როცა აღმოჩნდა, რომ უშიშროების სამსახურებს მომხმარებელთა თითქმის ყველა საკომუნიკაციო არხთან აქვთ დაუბრკოლებელი წვდომა.

მათ ვისაც არ უნდა, რომ სამთავრობო სტრუქტურები პირად ცხოვრებაში უყოფდნენ ცხვირს, მიმოწერისთვის ათასგვარ აპს იყენებენ, Viber, Whatsapp, BlackBerry Messenger და ა.შ.

ახლა კი, თქვენი მიმოწერის დამალვა Facebook მესენჯერიდანაც შეგიძლიათ. საიდუმლო მესიჯების გაგზავნა მესენჯერის აპლიკაციიდანაა შესაძლებელი.

უბრალოდ გახსენით მესენჯერი და დააჭირეთ ახალი მესიჯის გაგზავნის ფუნქციას:

შემდეგ დააჭირეთ Secret-ს:

აირჩიეთ ადამიანი ვისთვისაც საიდუმლო მესიჯის მიწერა გინდათ და დაიწყეთ.

მესიჯის აკრეფის ველთან ტაიმერის ნიშანს დაინახავთ:

ამ ფუნქციაზე დაჭერისას ამოხტება პატარა მენიუ, რომელშიც უნდა აირჩიოთ, რამდენ წამში ან წუთში დაიფაროს თქვენი გაგზავნილი მესიჯი, ისე რომ თქვენთანაც აღარ გამოჩნდეს.

იგივე დროის მერე წაიშლება მესიჯი, მას შემდეგ, რაც ადრესატი წაიკითხავს. ანუ, მაგალითად, თუ აირჩევთ 30 წამს, გაგზავნიდან 30 წამში მესიჯი დაიფარება და მხოლოდ ადრესატისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ხოლო როცა ის წაიკითხავს, 30 წამში საერთოდ წაიშლება ეს კონკრეტული მიმოწერა.

თუ არ გინდათ, რომ მესიჯები დაიფაროს ან წაიშალოს, მაშინ აირჩიეთ off.

ინსტრუქცია ანდროიდისთვის:

აირჩიეთ ახალი მესიჯის მიწერა, მიმოწერის ადრესატის ჩაწერის ველის გვერდით გამოჩნდება პატარა ბოქლომი:

ფოტო: on.ge

გადაწიეთ ეს ბოქლომი მარჯვნივ და მესენჯერის ზედა ველი გაშავდება, რაც ნიშნავს, რომ მესიჯი, რომელსაც გააგზავნით საიდუმლო იქნება:

ფოტო: on.ge

მიმოწერა ორივე მხრიდან დაშიფრულია, როგორც გამგზავნის, ასევე მიმღების მხარესაც, ე.წ. end-to-end encryption-ის მეთოდით და შესაბამისი დროის მითითების შემთხვევაში, ორივესთან იშლება.

მესიჯები, მიწერისთანავე, ე.წ. Signal Protocol-ით შიფრირდება, რაც გამორიცხავს ჰაკერების, მთავრობის ან ნებისმიერი სხვა მესამე მხარის მიერ თქვენი მიმოწერის გაშიფრვას. ამ პროტოკოლს იყენებენ Whatsapp და Google Allo. უსაფრთხოების ეს დამატებითი ფუნქცია უკვე ყველა მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი.