კინო ყოველთვის იყო და არის დაკავშირებული ემოციებთან, რომელიც ხშირად ადამიანების ცხოვრებაში წარუშლელ შთაბეჭდილებებსა და კვალს ტოვებს. ის ფილმები, რომლებიც ამას ყველაზე უკეთ ახერხებენ, კინოკლასიკად გადაიქცევიან ხოლმე და დიდხანს უძლებენ დროს. ამ ფილმებს მაყურებლები ხშირად უბრუნდებიან და ისინი ახალ აუდიტორიასაც იძენენ, თუმცა გავრცელებული აზრის გამო, რომ თითქოს კინოთეატრში მხოლოდ ახალი ფილმები უნდა გადიოდეს, მათთვის ეს სივრცე დახურული რჩება.

არადა, ზოგიერთ ახალ ფილმს "ვარგისიანობის ვადა" იქამდე გასდის, სანამ ერთ მაყურებელს მაინც შეიძენს, დროში და სივრცეში გამოცდილი კლასიკური ნაწარმოებები კი მხოლოდ ჩვენი გონებისა და კომპიუტერების მეხსიერებებში იკეტებიან.

კლასიკური კინო, არამარტო მაყურებლებისთვის, არამედ თანამედროვე რეჟისორებისთვისაც მთავარი ინსპირაციაა. ისინი ხშირად სესხულობენ კადრებს და მათ გათანამედროვებას ცდილობენ, როგორც ეს დემიენ შეზელმა გააკეთა ლა ლა ლენდში". კიდევ ერთი გამორჩეული თანამედროვე რეჟისორი გილერმო დელ ტორო კი ამბობს, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მისი შთაგონების წყარო უფრო და უფრო ხდება კლასიკური ფილმები.

რამდენ თქვენგანს უფიქრია, რომ საყვარელი ფილმი დიდ ეკრანზე, კინოთეატრში ეხილა და მისი მშვენიერება მთელი სიმძაფრით შეეგრძნო? — კინოთეატრ ამირანისა და თიბისი სტატუსის ერთობლივი მცდელობით, როგორც იქნა, საქართველოში ამის შესაძლებლობაც გაჩნდა.

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ამირანში ყოველი თვის დასაწყისი სხვადასხვა გენიალური რეჟისორის შემოქმედებას დაეთმობა. ეს არის მცდელობა იმ საქმისა, რასაც ლეგენდარული რეჟისორების უკვდავი ფილმების კინოთეატრების ეკრანებზე დაბრუნება ჰქვია. ამირანში კინოს მოყვარულებს საშუალება ექნებათ ისეთი რეჟისორების ფილმები ნახონ, როგორებიც არიან: სტენლი კუბრიკი, პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი, ვუდი ალენი და სხვა.

მათი ფილმები გამოირჩევა განსაკუთრებული თხრობის სტილით, ოპერატორული ხელოვნებით, პერსონაჟების დამახასიათებელი თვისებებითა და რაც მთავარია, ორიგინალური, დაუვიწყარი სცენარით. ალბათ, სწორედ ეს არის მიზეზები, რის გამოც უყვართ მათი ხელოვნება და რატომაც არსებობს მუდმივი სურვილი, რომ მათი კინო დიდ ეკრანებზე ყოველთვის ტრიალებდეს.

ამ მნიშვნელოვანი წამოწყების დებიუტანტი კვენტინ ტარანტინო იქნება, რომლის საკულტო ფილმების ჩვენება ამირანში 3 აგვისტოს დაიწყება:

3 აგვისტო — "კრიმინალური საკითხავი"

4 აგვისტო — "ჯეკი ბრაუნი"

5 აგვისტო — უსახელო ნაბიჭვრები

6 აგვისტო — მოკალი ბილი (პირველი და მეორე ნაწილი)

თითოეულ ფილმზე დასასწრებად ბილეთის ფასი 15 ლარი იქნება, თუმცა თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ერთთვიანი აბონემენტი 50 ლარად და დაზოგოთ თანხა. თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის კი განსაკუთრებული პირობები მოქმედებს: 20%-იანი ქეშბექი შეძენილ ბილეთებსა და აბონემენტებზე.