ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, რომელიც ამ კვირაში უსაფრთხოების საკითხზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების სამიტს მასპინძლობს, 6 აფეთქება მოხდა. Euronews-ის ინფორმაციით, სამიტს სხვა ლიდერებთან ერთად აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეოც ესწრებოდა.

ბომბები ქალაქის სამ ადგილას აფეთქდა. პირველი აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე გაიგეს, როცა უსაფრთხოების სამიტი იწყებოდა.

ბრიტანული გამოცემა Independent წერს, რომ აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათი ინფორმაციით, პირველი ორი აფეთქება ქალაქის ცენტრში მეტროსაგდურებთან ახლოს მოხდა, შემდეგი მრავალფუნქციურ ბიზნეს ცენტრში. ცოტა ხნის შემდეგ აფეთქების ხმა გაიგეს სამთავრობო კომპლექსთან, სადაც რამდენიმე სამინისტრო მდებარეობს.

პრემიერ მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

ტაილანდის პრემიერ-მინისტრი მომხდარს თვითერზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ "გმობს ისეთ სიტუაციას, რომელიც ანგრევს მშვიდობას და ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს." მან შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდა, რომ იზრუნონ დაზარალებულებზე და საზოგადოების უსაფრთხოებაზე.