რუსთავი 2-ის პოლიტიკური და დღის გადაცემების პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 დატოვა და ფორმულა კრეატივის ახალი ტელევიზიის გუნდში მოიაზრება.

რუსთავი 2-ის დატოვების შესახებ ლაფერაშვილმა ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა კრეატივის ტელევიზიაში საქმიანობის გაგრძელებას ჯერ არ ადასტურებს.

ის ამბობს, რომ "ბევრი შემოთავაზება აქვს, მათ შორის ფორმულა კრეატივიდან, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია".

ფორმულა კრეატივში არ უარყოფენ, რომ მოლაპარაკებები გიორგი ლაფერაშვილთანაც მიმდინარეობს.

ფორმულა კრეატივი ტელევიზიას ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან ერთად ქმნის. მედიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ტელევიზიის შექმნა რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დააანონსა.

ფორმულა კრეატივი ცნობილია მისი მთავარი პოპულარული პროდუქტით, ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები", რომელსაც კომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით იღებდა. ის ასევე ინტერნეტგამოცემა On.ge-ს მეწილეცაა. გარდა ამისა, კრეატივის გუნდს ეკუთვნის ფილმები "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "ტაქსი", "ჭამა და სექსი", ასევე, მრავალი კომპანიის სარეკლამო რგოლი და ხმაურიანი კამპანია.