რუსეთის დუმა აპირებს, რომ 1920 წელს საქართველოს მიერ "სამხრეთ ოსების გენოციდი" განიხილოს. როგორც დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, საკითხის განხილვა უახლოეს სხდომაზე მოხდება.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტარებმა რუსეთს მიმართეს, რათა მათ "ქართველი ნაციონალისტების მხრიდან" 1920 წელს სამხრეთ ოსეთი მოსახლეობის "გენოციდი" აღიარონ.

მიმართვის წერილში დეპუტატები ამბობენ, რომ 1920 წლის მოვლენებმა შესაბამისი შეფასება ვერ მიიღო, ხოლო "გენოციდის" შემსრულებლები და ორგანიზატორები პასუხისმგებაში არ მიუციათ. ოკუპირებული ცხინვალი ამტკიცებს, რომ ამ წელს, როდესაც მათ დამოუკიდებლობის გამოცხადება გადაწყვიტეს, ქართველებმა სამხედრო ძალა გამოიყენეს.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება დიდი ხანია ე.წ. გენოციდზე საუბრობს. ბოლო დროს კი მათ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც შეუერთდა.

მცოცავი ბორდერიზაციისა და ანტისაოკუპაციო აქციების პარალელურად, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ოკუპანტი არა თავად, არამედ საქართველოა. ის ოკუპაციის საკუთარ ვერსიას ავრცელებს და ირწმუნება, რომ 1918 წელს საქართველომ გერმანიის დახმარებით აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ის კიდევ უფრო შორსაც წავიდა და ოსების გენოციდში საქართველო დაადანაშაულა.