აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტყის ხანძრებთან საბრძოლველად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დახმარება შესთავაზა. კრემლის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს.

პუტინმა ტრამპს შემოთავაზებისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ-ს დახმარებას გამოიყენებდა.

"რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ს მხრიდან ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც საფუძველი იმისა, რომ სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის მოხერხდება ფართოფორმატიანი ურთიერთობების აღდგენა" — აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში მილიონობით ჰექტარი ტყის ფართობი იწვის. ბოლო მონაცემებით, უკვე დამწვარია სამი მილიონი ჰექტარი. ხანძრის კვამლმა კი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს მიაღწია.

დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლება უარს ამბობდა იმ ხანძრის ჩაქრობაზე, რომელიც დასახლებულ პუნქტებს საფრთხეს არ უქმნიდა. კრასნოიარსკის გუბერნატორმა ცეცხლთან ბრძოლას უაზროც კი უწოდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციას მართვის სამსახურის ავიაცია ცეცხლის ქრობაში მხოლოდ 31 ივლისს ჩაერთო.