ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად პირდაპირი ეთერიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ გინებას ასახელებს.

ცქიტიშვილის თქმით, ლარს პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება.

"როდესაც ჩვენ გავაკეთებთ ანალიზს 20 ივნისიდან და 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე პროცესებს, დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გაუარესება. სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, პარლამენტში შევარდნის შემდგომში პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინების და ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციებით", — ამბობს ცქიტიშვილი.

მისი თქმით, მთავრობა ბიზნესისთვის ყველაფერს აკეთებს, თუმცა, მისივე თქმით, "ყველაფერი ეს ფუჭია მაშინ, როდესაც გარკვეული რადიკალური მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები აკეთებენ ყველაფერს, რომ ამ პროცესს შეუშალონ ხელი".

ეროვნული ბანკის პირველი აგვისტოს გაცვლითი კურსით, ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებით ისევ გაუფასურდა.