საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ყვარელში ნანგრევებში მოყოლილი მუშა გადაარჩინეს. უწყების ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დროს ჩამოინგრა კედელი, რომლის ნანგრევებშიც მუშა მოყვა.

უწყების ინფორმაციით, გადარჩენილი მუშა კონტაქტური იყო. მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სტაციონარში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.