რუსთავი 2-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს შეხვედრაზე არხის 40 პროცენტი შესთავაზა. ხალვაშის თქმით, ამ შეთავაზებაზე მათ "ბედნიერება ვერ შეატყო". ამის შესახებ ჟურნალისტებს ხალვაშმა შეხევდრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ხალვაში ამბობს, რომ საუბარი გაგრძელდება.

"თვითონაც მითხრეს წინადადება, რომელიც საფიქრალია, მოვიფიქრებ... მათი პასუხი იყო: ჩვენ ამ შეთავაზებას არ ვიღებთ, თუ სხვა შეთავაზება გექნებათ, მოვიფიქრებთ და გეტყვითო", — ამბობს ხალვაში.

რუსთავი 2-ის საქმე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ეს ნიშნავს, რომ ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არხი ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმიც გააუქმა. სწორედ ამ მექანიზმის გამო ვერ გადაიფორმა 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ქიბარ ხალვაშმა რეესტრს ტელეკომპანიის წილების გადმოფორმებაზე მიმართა, რაც რეესტრმა მალევე დაუკმაყოფილა. ახლა რუსთავი 2-ის 100%-ს მფლობელი ქიბარ ხალვაშია. ამასთანავე, ქიბარ ხალვაშმა დირექტორის თანამდებობიდან მოხსნა ნიკა გვარამია და თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. რუსთავი 2-ის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაში ხელისუფლების გეგმას ახორციელებს და კრიტიკული მედიის დახურვა სურთ. ისინი ახალი გენერალური დირექტორისგან და მფლობელისგან არხის სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვენ. აღნიშნულს, ქიბარ ხალვაში არ დაეთახმა და "ახირება" უწოდა.