Reddit-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ რუმინეთში ავტორის მეგობარმა სახლის წინ უპატრონო კატა იპოვა და მისი შინ შეყვანაც გადაწყვიტა.

თუმცა, მან მალევე აღმოაჩინა, რომ კატას ჩიპი ჰქონდა, სადაც უნიკალური კოდი ამოიკითხა — "268098100003657", ეს ციფრები კი არც მეტი, არც ნაკლები ქართული კოდია, რომელსაც ცხოველებს ინდივიდუალურად ანიჭებენ ხოლმე.

ფოტო: Rudolph Mihaiu

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრის სახით, კატას მზრუნველი პატრონი ეყოლება, მაინც ვცდილობ, რომ ამ კოდის გამოყენებით ცხოველის ნამდვილი პატრონი ვიპოვო", — წერს პოსტის ავტორი, რუდოლფი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ კატას ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ აქამდე სახლში ცხოვრობდა და დიდი შანსია, რომ მას ახლა პატრონი ეძებდეს.