საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვები დაწესდა. როგორც მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ თქვა, შეზღუდვები უსაფრთხოებისა და შემდგომი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით დაწესდა.

14 ივლისს დავით გარეჯის სასაზღვრო მონაკვეთზე ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ დროისთვის დაძაბული ვითარება ნეიტრალიზირებულია.

დარსალიას განმარტებით, ინციდენტის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მესაზღვრეების რაოდენობა გაზარდა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა განათავსა. პარალელურად, გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც.

"მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდეს კომისიის ფორმატში. და ყველა საკითხი როგორც შინაარსობრივი, ისე საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის წყდებოდეს კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში", — განაცხადა ლაშა დარსალიამ ბრიფინგზე.

დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე დაიძაბა. აპრილში სამონასტრო კომპლექსთან გზა გადაკეტილი იყო ოთხი დღის განმავლობაში, თუმცა შემდგომში გაიხსნა. საზღვრის დადგენის საკითხზე სპეციალური კომისია მუშაობს, რომელშიც აზერბაიჯანული და ქართული მხარეების წარმომადგენლები შედიან.