მედიაბაზარზე ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებული ტელევიზიის გარდა, ახალი არხიც შემოდის. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ტელევიზიის შემქნას ფორმულა კრეატივი გეგმავს. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია ნეტგაზეთმა გაავრცელა.

ფორმულა კრეატივის დირექტორმა მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ ახალი ტელევიზიის შესახებ "გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს და, ზოგადად, ამ თემაზე არ საუბრობს".

On.ge-ს წყაროს ცნობით, ახალ ტელევიზიაში გადასვლას სთავაზობენ კურიერის პროდიუსერს, გიორგი ლაფერაშვილს. ის აცხადებს, რომ "ზოგადად, ბევრი შემოთავაზება აქვს, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია". მას არ უპასუხია კითხვაზე, მიიღო თუ არა შემოთავაზება ფორმულა კრეატივისგან.

ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ ისაუბრა რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმაც, ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

"კიდევ ერთი ახალი არხის შესახებ არის საუბარი, რომელიც იქნება ამბიციური გეგმებით ბაზარზე წარმოდგენილი. რაც ურო მეტი არხი იქნება წარმოდგენილი ბაზარზე მით უფრო გაუჭირდება ხელისუფლებას პირზე ააკრას წებოვანი ლენტი მედიას", — განაცხადა მელაძემ.

ფორმულა კრეატივი ცნობილია მისი მთავარი პოპულარული პროდუქტით, ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები", რომელსაც კომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით იღებდა. ის ასევე ინტერნეტგამოცემა On.ge-ს მეწილეცაა. გარდა ამისა, კრეატივის გუნდს ეკუთვნის ფილმები "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "ტაქსი", "ჭამა და სექსი", ასევე, მრავალი კომპანიის სარეკლამო რგოლი და ხმაურიანი კამპანია.