ეთიოპიაში 12 საათის განმავლობაში 350 მილიონზე მეტი ხე დარგეს. აფრიკის ამ ქვეყანამ ერთ დღეში ხეების რეკორდული რაოდენობა დარგო. 29 ივლისის ხეების დარგვის აქცია ეროვნული კამპანიის, მწვანე მემკვიდრეობის ნაწილია.

კამპანიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, აბი აჰმედი უძღვება. პროექტი ქვეყნის მასშტაბით 4 მილიარდი ხის დარგავასა და ამაში მოქალაქეების ჩართულობას ითვალისწინებს. გაეროს მონაცემების მიხედვით, 2000-იანებში ეთიოპიის ტყეების საფარი მხოლოდ 4 პროცენტს შეადგენს მაშინ, როცა წინა წლებში ეს 35 პროცენტი იყო.

ტყის საფარის აღდგენა ეთიოპიისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის კლიმატურ ცვლილებებს, პერიოდულ გვალვას, მიწის დეგრადაციასა და წყალდიდობებს ებრძვის, რაც ერთიანობაში ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას. მოსახლეობის 80 პროცენტი კი სწორედ სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული და მათი არსებობის ერთადერთი წყაროა.

2017 წელს ეთიოპია აფრიკის 20-მდე ქვეყანას შეუერთდა, რომელთაც ტყის ლანდშაფტის აღდგენის ინიციატივის ფარგლებში 100 მილიონი ჰექტარი მიწის აღდგენა გადაწყვიტეს.

ეთიოპიის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, გეტაჰუნ მეკურიამ დატვიტა, რომ 12 საათის განმავლობაში ზუსტად 353 633 660 ხე დაირგა. CNN-ის ინფორმაციით, წინა მსოფლიო რეკორდი ინდოეთს ეკუთვნის. 2017 წელს 1,5 მილიონზე მეტმა მოხალისემ 12 საათში 66 მილიონი ხე დარგო.